ცხელი ხაზი 272 22 22
08:46 01/07/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „მერკურის“ გახსნას დაესწრო. „მერკური“ ფრანგული „აკორ ჯგუფში“  შემავალი ბრენდია. ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გორგასლის №9-ში მდებარეობს.

როგორც თბილისის მერმა სასტუმროს გახსნაზე აღნიშნა, სასტუმრო „მერკურის“ გახსნა კიდევ ერთხელ   ადასტურებს, რომ ყოველდღიურად იზრდება ინტერესი  თბილისის საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ტურისტული პოტენციალის მიმართ. დავით ნარმანიამ სასტუმროს ადმინისტრაციას სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სასტუმრომ 38 ადამიანი შეიფარა და დაზარალებულებისთვის მედიკამენტები შეიძინა.

„პირველ რიგში, თბილისის მთავრობისა და თბილისელთა სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო სასტუმროს მეპატრონეებსა და ადმინისტრაციას, რომლებმაც თბილისში მომხდარი სტიქიის დღეებში დიდი მხარდაჭერა გაგვიწიეს და სასტუმროს ოფიციალურ გახსნამდე 38 დაზარალებული ადამიანი შეიფარეს, ხოლო სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული დაზარალებულებისთვის მედიკამენტები შეიძინეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურა თბილისში სწრაფად ვითარდება და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

„ამდენად, ჩვენ ყოველმხრივ მივესალმებით ინვესტორთა აქტიურობას და ვცდილობთ, შევუქმანთ მათ საქმიანობის კომფორტული პირობები. გარდა ამისა, თბილისის მერიას აქვს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ ბოლო 8 თვეში 4 ახალი სასტუმრო გავხსენით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„მერკური“ 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელია, ბიზნეს მოგზაურობისა და დასვენებისთვის. მსოფლიოს მასშტაბით მერკურის ბრენდის ქვეშ 750 სასტუმრო ფუნქციონირებს.

 

 

სიახლე
30 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს დილიდან მდინარე მტკვარზე გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე პარალელურ რეჟიმში მუშაობს 30 ერთეული მძიმე ტექნიკა. მდინარიდან ამოტანილია 13 ივნისის სტიქიის შედეგად ვერეს ხეობიდან ჩატანილი ნაშალი მასალა და ხის მორები.

სამძებრო სამუშაოების გამარტივების მიზნით, გუშინ ღამის 12 საათიდან ორთაჭალჰესის ფარები გაიხსნა, რამაც მტკვრის დონის ცვლილება გამოიწვია. მტკვრის დონის დაწევის შემდეგ დღესვე მაშველებმა მდინარიდან რამდენიმე ცხოველის ლეში ამოიტანეს.

გაწმენდითი და სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობას დილიდან თბილისის მერი დავით ნარმანია აკვირდებოდა. დედაქალაქის მერმა მეტეხის საგვირაბო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ხიდების ქვეშ მდინარე მტკვრის დონის დაწევის შემდეგ ნაპოვნი რკინის კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი დაათვალიერა.

„ინტენსიურად მიმდინარეობს მდინარე მტკვრის კალაპოტის გასუფთავება, სტიქიის  დროს მდინარემ სხვადასხვა სახის ნაშალი მასალა ჩამოიტანა. მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახური და თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები. სამუშაოები კოორდინირებულია ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებთან და ვფიქრობთ, რომ დღის განმავლობაში ამ სამუშაოების ძირითად ნაწილს დავასრულებთ და გათავისუფლდება მდინარე მტკვრის კალაპოტი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სიახლე
30 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველოს“ დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა განახლებადი და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოფენა გახსნეს.  

გამოფენა თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გაიხსნა და მასში ოცამდე ადგილობრივი კომპანია მონაწილეობს. ენერგოეფექტური პროდუქციის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს სხვადასხვა  სახის ენერგოდამზოგავი ტექნიკა, მასალა და მოწყობილობა აქვთ წარმოდგენილი. მოქალაქეებს ენერგოეფექტური მოწყობილობების დათვალიერება და გამოფენილი მასალის/ტექნიკის უპირატესობების შესახებ კონსულტაციის მიღება მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ.  

"გამოფენაზე, რომელიც „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში იმართება, გამოფენილია მწვანე და თანამედროვე ტექნოლოგიიით შექმნილი პროდუქცია. ეს არის მომავლის ტექნოლოგია. მსგავსი პროდუქციით მომავალში შესაძლებელი იქნება იმ შედეგების მიღწევა, რომელმაც ცხოვრების პირობები უკეთესი უნდა გახადოს.  აქ გამოფენილი პროდუქცია ენერგიის მეტად დაზოგვის  და სათბური აირების ემისიის შემცირების საშუალებას იძლევა. ამ კუთხით გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი და ბიზნესისთვის საინტერესოა",-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

„მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე სტუდენტურ-არქიტექტურულ კონკურსში მონაწილე ენერგოეფექტური პროექტებიც არის გამოფენილი, გამარჯვებული პროექტის ავტორი დღის ბოლოს გამოვლინდება. 

თბილისის მერია ევროკავშირის ინიაციატივა - „მერების შეთანხმებაზე“ ხელმოწერის შემდეგ ,,მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის’’ გამართვას ორგანიზებას ყოველწლიურად უწევს. კვირეულის გამართვის მიზანია მოქალაქეებისათვის იმ უპირატესობებისა და შესაძლებლობების ჩვენება, რომელიც ენერგიის რაციონალური გამოყენებით მიიღწევა.

 

სიახლე
30 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცის ზაარბრიუკენში ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ნინა ხატისკაცი ზაარბრიუკენის მერს შარლოტა ბრიტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

ზაარბრიუკენის მერმა მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს თბილისს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. თბილისის მერის მოადგილემ შარლოტა ბრიტსი შემოდგომაზე ”თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქში მოიწვია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები: რიმა ბერაძე და კობა კობალაძე.
თბილისისა და გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის დაძმობილების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26-ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, ზაარბრიუკენში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართება.

სიახლე
28 ივნისი 2015  
 
 

ჩუღურეთის რაიონში  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. მარჯანიშვილის #26-ში,  არაგვისპირელის # 1-ში და წინამძღვრიშვილის #9-ში  საცხოვრებელი სახლების სახურავების სარემონტო სამუშაოები  მიმდინარეობს. 

31 681 ლარის ღირებულების  პროექტის  ფარგლებში გამოიცვლება სახურავის დამჭერი ხის მასალა და  სახლები  თუნუქის მასალით გადაიხურება, ასევე  შეიცვლება წყალსაწრეტი მილები. სამივე სახლის სახურავის ფართობი ჯამში  2 451 კვადრატული მეტრია. აღნიშნულ მისამართებზე  სახურავების შესაკეთებლად სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა პროექტის  ღირებულების მხოლოდ 20%-ს გადაიხდის. მარჯანიშვილის #26, წინამძღვრიშვილის #29-სა და არაგვისპირელის#1-ში  26 ოჯახი ცხოვრობს. 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონში 2015 წლიდან დღემდე 60  საცხოვრებელი სახლის სახურავის თუნუქით გადაიხურა.  სახურავების საერთო ფართობი  17 ათას 857 კვადრატული მეტრია, ხოლო,  ღირებულება  – 500 ათასი ლარი.  
ამ დროისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში, სხვადასხვა თხოვნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან  719 განცხადებაა შესული.

 

სიახლე
30 ივნისი 2015  
 
 

13 ივნისს, წყნეთის ქუჩაზე სტიქიის დროს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დაზიანებულ კოლექტორსა და მდინარე ვერეს იმ ნაწილთან, სადაც კანალიზაციის კოლექტორის დროებით ჩაშვება მოხდა, მოხალისეებს შეხება არ ჰქონიათ.
მდინარე ვერეს შერეული საკანალიზაციო წყალი არ მიემართებოდა იმ ტერიტორიისკენ, სადაც მოხალისეები გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ჩართული. მიუხედავად ამისა, როგორც თბილისის მერიის, ისე ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მხრიდან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული იმისათვის, რომ სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეების ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო.
იმის გამო, რომ წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რომელშიც ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას და იყო საფრთხე, რომ დაზიანებული კოლექტორიდან წყალი სწორედ ამ ტერიტორიისკენ მიემართებოდა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წყლის ნაკადი დროებით მდინარე ვერესკენ მიემართა.
აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სისტემატიურ კომუნიკაციაში იყვნენ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან". მოხდა შეთანხმება, რომ კომპანია ამ ტერიტორიაზე დროებით მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება.
რაც შეეხება კოლექტორის საბოლოო აღდგენას, ის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

 

სიახლე
23 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაშიც ევროპის საინვესტიციო ბანკის, მსოფლიო ბანკის, აშშ-ს სატყეო სამსახურისა და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლები შედიოდნენ, თბილისის მერთან ერთად ვერეს ხეობა ვერტმფრენით დაათვალიერეს. 

დღესვე შედგა შეხვედრა თბილისის მერიაში, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია და მისი მოადგილეები - გიორგი ხელაია და ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდნენ. 

უცხოელი სპეციალისტები სტიქიის სალიკვიდაციო მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმას გაეცნენ, რის შემდეგაც სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად აუცილებელ ფინანსურ საჭიროებებს განსაზღვრავენ. 

„მისასალმებელია, რომ სწრაფი და ადეკვატური იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების გამოხმაურება თბილისში მომხდარ სტიქიაზე, რისთვისაც მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვერეს ხეობის უსაფრთხოების პროექტის განხორციელებაში თქვენი მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახმარება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

სიახლე
29 ივნისი 2015  
 
 

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ მიმდინარე წლის 24 ივნისიდან ჩაატარებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპს.
ტესტების პროფესიული ნაწილი მომზადებულია სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის“ 2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანებით განსაზღვრული თემატიკის მიხედვით, ხოლო ზოგადი უნარების ნაწილში გამოყენებული იქნება 10 ლოგიკური და 5 მათემატიკური დავალება.

ტესტირება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი, თბილისი, მერაბ კოსტავას გამზირი N68 ბ.

კონკურსანტებს ტესტირების დრო ეცნობებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. საგამოცდო ტესტის ნიმუშის სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.tcj.gov.ge

სიახლე
19 ივნისი 2015  
 
 

დიდუბის რაიონში, ვახტანგ და ეგნატე ფიფიების ქ.N5-ში ავარიული სახლის საძირკველის, სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის კედლების გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა. პარალელურად, წერეთლის გამზირ კორპუს N3-სა და სოხუმის ქ. N8-ში გორის შესახვევ N6-სა და N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში საძირკველი გამაგრდა, ხოლო თევდორე მღვდლის ჩიხი 1. N5-ში საძირკველის გამაგრებასთან ერთად, სარდაფისა და პირველ სართულს შორის სეისმური სარტყელისა და სართულშუა გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა. 

 საცხოვრებელი სახლების გამაგრებით სამუშაოებს რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 90%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, სამუშაოების 10%-ს იხდის.
 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი პროექტები დიდუბის რაიონის გამგეობამ 136 887 ლარით დააფინანსა.

 ივნისის თვეში დიდუბის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 77 განცხადებაა შესული. ამხანაგობების მიერ შემოტანილი განცხადებების განხილვა და დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

სიახლე
29 ივნისი 2015  
 
 

ქალაქ თბილისის მერიის სახელით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დედაქალაქის მერია მოსახლეობას ღამით ქალაქში გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

თბილისის მერიას აღნიშნული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ინფორმაციის წყარო ერთ-ერთი facebook-გვერდია. აღნიშნული გვერდი არ არის ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალური გვერდი და ამ გვერდის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ქალაქ თბილისის მერიის პოზიციას არ ასახავს.

სამწუხაროდ, მედია-საშუალებების ნაწილმა აღნიშნულ facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად გაავრცელა, რის გამოც საზოგადოება შეცდომაში შევიდა.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაამოწმონ. გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლონ მერიის ოფიციალური ვებ-გვერდით - www.tbilisi.gov.ge ან facebook-ის ოფიციალური გვერდით - Tbilisi City Hall.

 

 

სიახლე
17 ივნისი 2015  
 
 

მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა ნაწილისა და ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიის გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება.
10 000 კვადრატულ მეტრზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ და დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა დაათვალიერეს. დავით ნარმანია ადგილობრივ მოვაჭრეებსა და  სამარშრუტო ტაქსების მძღოლებსაც ესაუბრა. მათი თქმით, გზის რეაბილიტაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამუშაო პირობებს.
პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთები ახლით შეიცვალა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა წყალმომარაგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. ასფალტის ახალი საფარი 10 000 კვ. მ-ზე მოეწყობა.
მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა ნაწილის და ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე  გზის რეაბილიტაციას დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს. სამუშაოებს კი შპს „ნდს მშენებლობა“ და შპს „საგზაო კომპანია“ ასრულებენ.

 

სიახლე
29 ივნისი 2015  
 
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, ვისაც სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების სურვილი აქვს, კერძოდ კი, სურთ, მათ გადასცენ საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა ტექნიკა, ავეჯი და სხვა, დაუკავშირდნენ თბილისის მერიის ადმინისტრაციას.

საკონტაქტო პირი: ლიკა ბურდული - 551 51 58 34; ელ.ფოსტა:li.burduli@gmail.com 

სიახლე
15 ივნისი 2015  
 
 

თბილისში მარჯვენა სანაპიროზე  მტკვრისა და ვერეს შესართავთან მდებარე გვირაბიდან 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული  ავტომობილი ამოიყვანეს.  ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და მერიის სხვა წარმომადგენლები.  

ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განახორციელეს. მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, გვირაბში მუშაობდნენ მაშველები. მანქანის  გვირაბიდან ამოყვანის პროცესში  უშუალოდ მონაწილეობდა მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე. 

სამუშაოები, დაახლოებით, 5 საათი გაგრძელდა, შემდეგ კი ავტომობილი სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.  

13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაკარგული BMW-ის მარკის ავტომობილი „ლაგუნა ვერესთან“, მტკვრისა და ვერეს შესართავთან არსებულ გვირაბში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს.  ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა  შესაძლებელი მანქანის გვირაბიდან ამოყვანა. 

 

სიახლე
28 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები დედაქალაქში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ აქტიურად მუშაობენ. ამ ეტაპზე, არსებული რესურსი, ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემებს უმკლავდება. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება დამატებითი ძალის მობილიზაცია, თბილისის მერია დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნები და ნივთები შეგროვდება თბილისის რაიონების გამგეობებში. ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, სხვადასხვა ნივთები დაზარალებულ მოსახლეობას გადასცენ, შეუძლიათ, ისინი ჩააბარონ საგანგებო შტაბებს, რომლებიც რაიონულ გამგეობებში უკვე გაიხსნა.

დედაქალაქის რაიონების გამგეობები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: ვაკის გამგეობა - თამარაშვილის ქ.N10ა; საბურთალოს გამგეობა - მიცკევიჩის ქ.N29; მთაწმინდის გამგეობა - ძმები ზუბალშვილების ქ.N48; ჩუღურეთის გამგეობა - დავით აღმაშენებლის გამზ.N65; დიდუბის გამგეობა - რობაქიძის N2; ნაძალადევის გამგეობა - გურამიშვილის გამზ. N16ა; გლდანის გამგეობა - სარაჯიშვილის N1გ; კრწანისის გამგეობა - გორგასლის ქ.N115; ისნის გამგეობა - ნავთლუღის ქ.N8_1; სამგორის გამგეობა- მოსკოვის გამზ. N14.

სიახლე
14 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერიაში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. 

სხდომაზე სპეციალისტებმა  თბილისის მერთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად  ვერეს ხეობის განვითარების შესახებ კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები განიხლეს და ჯგუფის სამივე შეხვედრა შეაჯამეს. იმსჯელეს  როგორც მოკლევადიანი პერიოდის ამოცანებზე, ასევე განიხილეს გრძელვადიან პერიოდში მთლიანად მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. 

„ყველანი ვთანხმდებით, რომ მოკლევადიანი პერიოდისთვის მნიშვნელოვანია დროულად დასრულდეს გაწმენდითი სამუშაოები და ის მომდევნო კვირასდასრულდება. ასევე მნიშნელოვანია, რომ შევთანხმდით მოკლევადიან პერიოდში თამარაშვილი-გმირთა მოედნის გზის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც, ჩემი აზრით, უალტერნატივოა. ასევე, შევთანხმდით გრძელვადიან პერიოდში პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც  უსაფრთხოებისა და  ევაკუაციის კომპონენტს, მათ შორის, ადრეული გაფრთხილების სისტემის შემოღებას გულისხმობს. ერთ-ერთ საკითხად, აგრეთვე, იხილება დამბის მოწყობის საკითხიც, თუმცა, ამ ყველაფერს საბოლოოდ გვიჩვენებს ის კვლევა, რასაც ჩვენ უახლოეს პერიოდში მოვამზადებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიაში უკვე შედგა შეთანხმება მოკლევადიანი პერიოდის ამოცანებზე. 

„უკვე შეთანხმებულები ვართ მოკლევადიანი პერიოდის ამოცანებზე. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე მიეცა დავალება აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით და ზოგიერთ მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება.

სიახლე
27 ივნისი 2015  
 
 

დედაქალაქის მასშტაბით სტიქიის შემდეგ ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია სამგორის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ჩუღურეთის, დიდუბის, ნაძალადევისა და გლდანის რაიონებში. ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც სტიქიამ პრობლემა შექმნა, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.

ამ დროისთვის მძიმე ვითარებაა ისევ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა სრულად დატბორა. ამ დროისთვის აღნიშნული ტერიტორიიდან მოსახლეობის გამოყვანა თითქმის დასრულებულია. დაიტბორა ასევე ზოოპარკის ტერიტორია, სადაც მოვარდნილმა წყალმა ვოლიერები გაგლიჯა, რის გამოც ცხოველთა ნაწილი ქუჩაში აღმოჩნდა. წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი, სადაც ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ვერეს ხეობაში წყლის დონემ დაახლოებით 3 მეტრამდე უკვე დაიწია, რამაც შესაძლებელი გახადა, გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულიყო.

თბილისის მერიის ყველა სამსახური დედაქალაქის მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს. ყველა რაიონში მობილიზებულია ტექნიკა.

სიახლე
14 ივნისი 2015  
 
 

თბილისისა და გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენის დაძმობილების 40 წლის იუბილესთან, დაკავშირებით 26-29 ივნისს, თბილისის დელეგაცია , თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცის და საკრებულოს წევრების : რიმა ბერაძისა და კობა კობალაძის შემადგენლობით გერმნიაში იმყოფებიან.
დელეგაციის წევრები ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის დაძობილების 40 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ. ზაარბრიუკენში ამავდროულად აღინიშნება ზაარბრიუკენსა და ნანტს შორის დაძმობილების 50 წლის იუბილეც.
საიუბილეო საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებზე  ისაუბრეს  ზაარბრიუკენის მერმა, თბილისის მერის მოადგილემ და ნანტის მერის წარმომადგენლმა. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა ფოტო-გამაოფენა ”თბილისი- ცხოვრება ახალ დროში” და ფოტო მარათონი ”2015 ზაარბრიუკენი-ნანტი-თბილისი”.
ზაარბრიუკენის მერმა, ნინა ხატისკაცმა და ნანტის მერის წარმომადგენლმა კარინ დანიელმა ფოტო-კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

 

სიახლე
27 ივნისი 2015  
 
 

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში „თბილისის დღეები“ გრძელდება. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით კრაკოვში იმყოფებიან თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ წერეთელი. 
”თბილისის დღეების“ ფარგლებში გაიმართა თანამედროვე საბალეტო წარმოდგენა „ჰარირა“, „ქართული ხმების“ შესრულებით ფოლკლორული სიმღერის კონცერტი და ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენა. 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რეზო კეზელის, იური მეჩითოვის, გურამ წიბახაშვილის, ნათელა გრიგალაშვილის, თინა კიღურაძის, ანა ლორთქიფანიძის და ვახტანგ ხეთაგურის ფოტო ნამუშევრები.
”თბილისის დღეები“ 14 ივნისს დასრულდება.

სიახლე
13 ივნისი 2015  
 
 

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტა  ხეთაგუროვის ქუჩა  N7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობას რეაბილიტაცია, გამაგრება და რესტავრაცია ტენდერის დასრულებიდან 8 თვის ვადაში ჩაუტარდება. ხეთაგუროვის ქუჩა  N7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  350 000  ლარია. წინადადებების მიღება 2015 წლის 2 ივლისიდან დაიწყება და 2015 წლის 7 ივლისის 13:00 საათამდე გაგრძელდება.
საცხოვრებელი სახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ არის შემუშავებული.

აღნიშნული ობიექტი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარეობს და ამჟამად საპატრიარქოს საკუთრებაშია.  

კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N7-ში განთავსებული  სახლი თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ჩუღურეთში მდებარეობს. შენობა მე-19 საუკუნის შუა ხანებში, დაახლოებით 1850-იან წლებში აშენდა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვართა საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა. ხის აივნებიანი  სახლი სანაპიროს მხრიდან  2 სართულიანია, ხოლო ეკლესიისპირა მცირე ფლიგელი ერთსართულიანი.

 

 

სიახლე
27 ივნისი 2015  
 
 

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 12-14 ივნისს „თბილისის დღეები“ იმართება. ღონისძიებებს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ წერეთელი ესწრებიან. „თბილისის დღეების“ ფარგლებში, კულტურული პროგრამის გარდა, დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრები. 
ვიზიტის ფარგლებში, დღეს კრაკოვის მერიაში მოეწყო პრეზენტაცია თბილისის ტურისტული პოტენციალის, საინვესტიციო და ბიზნესს გარემოს შესახებ. 
დღესვე ნინა ხატისკაცი კოლეგას, კრაკოვის მერის მოადგილე, მაგდალენა სროკას შეხვდა. 
„თბილისის დღეების“ ფარგლებში გაიმართება თანამედროვე საბალეტო წარმოდგენა „ჰარირა“, „ქართული ხმების“ შესრულებით ფოლკლორული სიმღერის კონცერტი და ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რეზო კეზელის, იური მეჩითოვის, გურამ წიბახაშვილის, ნათელა გრიგალაშვილის, თინა კიღურაძის, ანა ლორთქიფანიძის და ვახტანგ ხეთაგურის ფოტო ნამუშევრები.
ღონისძიება კრაკოვის მხარის თხოვნის საფუძველზე და მათთან მოლაპარაკებების შედეგად დაიგეგმა. პირველად „თბილისის დღეები“ კრაკოვში 2010 წლის 26-28 ივნისს გაიმართა. 2011 წლის 6-7 მაისს კი თბილისში „კრაკოვის დღეები“ მოეწყო.

თბილისსა და კრაკოვს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეკრულება 2009 წელს 13 მაისს 3 წლის ვადით გაფორმდა. 2012 წელს ხელი მოეწერა ახალ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ოფიციალურად განახლდა ორ ქალაქს შორის თანამშრომლობა. შეთანხმება საზოგადოებრივი, კულტურული და ეკონომიკური კავშირების წახალისებასა და საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

სიახლე
12 ივნისი 2015  
 
იხილეთ მეტი