ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მზიურის პარკში აღინიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, მზიურის პარკში, საბავშვო გასართობი ღონისძიება გამართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

ღია სივრცეში, პანდემიის პირობებში არსებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა საბავშვო სტუდიების კონცერტი, თოჯინების თეატრის, ასევე, ზღაპრის გმირების მონაწილეობით სხვადასხვა შოუ და წარმოდგენა. გარდა ამისა, პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში გაიმართა საბავშვო ლიტერატურისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მეზღაპრის კუთხე და სხვა აქტივობები.

მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემოდათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა ბავშვთა გასართობი საღამო აფრიკის დასახლებაშიც.

01 ივნისი 2021