თბილისის მერი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მნიშვნელობას, რომლის მემორანდუმს გუშინ მოეწერა ხელი. გამოითქვა იმედი, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ქალაქის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.

„მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის აქამდეც ყოველთვის ძმური და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. აზერბაიჯანი პირადად ჩემთვის არის მეგობარი ქვეყანა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქს ენერგეტიკის მინისტრის რანგშიც ხშირად ვსტუმრობდი და როგორც ვხედავ, ის დღითიდღე ლამაზდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი მასპინძლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მნიშვნელობაზე და აღნიშნა კახა კალაძის პირადი წვლილი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში.

„მოგესალმებით აზერბაიჯანში. ვიცი, რომ გუშინ ხელი მოაწერეთ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას ბაქოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა ძმური ურთიერთობები და ამჯერად, ჩვენი დედაქალაქების დაძმობილება ჩვენი ძმობის ბუნებრივი გაგრძელებაა. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

14 ივლისი 2021