კახა კალაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა.

მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მიმართულებით არსებულ გეგმებს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თბილისის გამწვანების მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო ღონისძიებებზე.

„საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალისხმევისთვის, რასაც ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებისთვის იჩენთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

იაპონიის ელჩმა ხაზი გაუსვა დედაქალაქში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს და გამოთქვა მხარდაჭერის მზადყოფნა.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თბილისი, სადაც დღეს ვცხოვრობ, არის კომფორტული ქალაქი. მიხარია, როდესაც ქუჩებში ვხედავ იაპონური წარმოების მწვანე ავტობუსებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის წარმატებები, რასაც თქვენ მიაღწიეთ, ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და მზად ვართ გავაგრძელოთ მხარდაჭერა თბილისისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით“, - განაცხადა იმამურა აკირამ.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ტოკიოში იმართება.

16 ივლისი 2021