თბილისის მერიასა და UNDP-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთანამშობლობის მემორანდუმის ფარგლებში, UNDP ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის პრაქტიკის დანერგვასა და ცხოვრების მდგრადი სტილის პოპულარიზაციას.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ქცევითი ექსპერიმენტი საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით. თბილისის რამდენიმე უბანში განთავსდება დაახლოებით 10 კონტეინერი პლასტიკის ნარჩენების დახარისხებისთვის. საპილოტე უბნებში ამას დაემატება საინფორმაციო კამპანია ნარჩენების სეპარაციის მნიშვნელობის შესახებ, ხოლო საკონტროლო უბნებში მოსახლეობა დამატებით ინფორმაციას აღარ მიიღებს. ექსპერიმენტის ბოლოს, ორ ჯგუფში მიღებული შედეგების შედარებით გაირკვევა, თუ რამდენად მოქმედებს ინფრასტრუქტურის არსებობა და ინფორმაციის სათანადო გავრცელება ნარჩენების მდგრადი მართვის ჩვევის ჩამოყალიბებაზე.

თბილისის მერიის მხრიდან მემორანდუმს ხელი მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მოაწერა.
„ნარჩენების მართვა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ახლა, როდესაც მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგია შემუშავების ბოლო საფეხურზეა, მომავალი წლიდან ამ მიმართულებით აქტიურად იგეგმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და სხვადასხვა პროექტის განხორციელება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დროა აღნიშნული წამოწყებისთვის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მუნიციპალიტეტისა და UNDP-ის ერთობლივი პროექტი 2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე განხორციელდება UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მეშვეობით. აღნიშნული ინიციატივის პარტნიორია შპს „თბილსერვის ჯგუფი“.

09 სექტემბერი 2021