თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, 30-მდე შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება, რომელთა შორის კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლია.

„იცით ჩვენი დამოკიდებულება ისტორიული უბნების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. გუშინ დავასრულეთ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რაც ძალიან მახარებს და საზოგადოებამ იხილა, თუ როგორი ლამაზია არსებული სივრცე, მას შემდეგ, რაც მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, 30-მდე შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. მიმდინარეობს მიმდებარე ქუჩების განახლება და იქაც, ზაფხულში ყველანაირი სამუშაოები დასრულებული იქნება. ამ 30 შენობიდან კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. თითოეულ ორნამენტს, კარს, ფანჯარას, სარდაფებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩვენს ქალაქს სამუშაოების შედეგად, შევმატეთ კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი - ადგილი, სადაც არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ჩამოსული ტურისტებიც ძალიან ისიამოვნებენ. ახლა მთავარია, ამ მოედნის სწორად განვითარება, სწორად დატვირთვა იმისთვის, რომ ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ადგილი იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება თბილისის მიმართ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

„გვინდა ასეთი მოწესრიგებული ქუჩები და განახლებული ძველი თბილისი. რა თქმა უნდა, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ასეთი პროექტები განვახორციელოთ. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ, რომ ძველი თბილისი იყოს ყველაზე მოწესრიგებული თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ეს არის ის საგანძური, რომელიც ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული უნდა გადავცეთ. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. დაახლოებით, 200-მდე ოჯახს ყველანაირად კეთილმოწყობილი, გარემონტებული, მოწესრიგებული ბინები დაუბრუნდებათ და თუ მათი საცხოვრებელი სახლების ღირებულება წლების წინ, პირობითად, 100 აშშ დოლარი იყო, დღეს არსებული შენობა-ნაგებობების ფასი, დაახლოებით, ხუთჯერ მეტია. ეს, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ირგვლივ უამრავი ადამიანი ცხოვრობს, ვინც ანალოგიურ სამუშაოებს ელოდება. ყველგან მივალთ, ყველას დავეხმარებით და მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა ძეგლი მოწესრიგდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვაკის პარკის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია.

მისი თქმით, ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე მიმდინარეობს.

„კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი დავასრულეთ - ვაკის პარკის რეაბილიტაცია-განახლება. მოგეხსენებათ, აღნიშნული სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევის და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო და ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია ვაკის პარკის დაარსებიდან არასდროს განხორციელებულა. როგორც ამ ქალაქის მერს, რიგით ადამიანს, ეს მეამაყება. ამაზე არ გავჩერდებით და მომავალშიც არაერთი მსგავსი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ჩვენი ჯანმრთელობისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი და დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდა მცენარეული საფარი.

„სამუშაოების ფარგლებში,  უკვე განახლდა საპარკე ავეჯი, საფეხმავლო და  ველობილიკები. დამატებით, მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. ასევე, მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები და ცხოველთა სასეირნო მოედანი, ახალი სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინებისა და ელექტროობის სისტემები; ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდა მცენარეული საფარი - დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 673 ძირი ბუჩქი და 1 338 ძირი ხე. ამასთან, 80 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაგეგმილია ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახის დათესვაც. ეს სამუშაოები უკვე მინდინარეობს და მომდევნო წლის გაზაფხულზე ყველაფერი მოწესრიგებული, გამწვანებული და ულამაზესი იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მისი მერობის პერიოდში, ვერავინ შეძლებს, რომ თბილისში რეკრეაციული სივრცეების ან სპორტული მოედნების ხარჯზე, სხვადასხვა ტიპის მშენებლობა განახორციელოს.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავსი მშენებლობების წინააღმდეგ იბრძოდა.

„ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან სამუშაოებს ვახორციელებთ და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით იმ რეკრეაციულ სივრცეებს, რომელიც ასე ცოტა დარჩა ჩვენს ქალაქში. წლების განმავლობაში, ყველაფერს ასხვისებდნენ და ასეთ ზონებში მშენებლობები მიმდინარეობდა. ჩვენ კი ვართ ის მთავრობა, ვინც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების განხორციელებას. სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, ჩემს მთავრობის წევრებთან ერთად, ვერავინ გაბედავს ამ ქალაქში ასეთი ტიპის სამუშაოები ჩაატაროს და რეკრეაციული სივრცე გააოხროს. გარდა ამისა, უამრავი ადამიანი იყო, ვინც მსგავსი მშენებლობების წინააღმდეგ იბრძოდა და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ჩვენი ქალაქის, ჩვენი შვილებისთვის აკეთებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პარალელურად, იწყება ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც კასკადისა და შადრევნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით. ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამაზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ საცხოვრებელი ფართების დაკანონების დამადასტურებელი მოწმობები სამგორის რაიონში კიდევ 57 ოჯახს გადაეცემა.

თბილისის მერმა ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, დაკანონებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მათივე რაიონის გამგეობებს მიმართონ.

„ჩვენ გვაქვს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქონების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას. 2 000-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დავუკანონეთ და ამ ადამიანებს სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ. დღეს მაქვს პატივი, სამგორის რაიონში კიდევ 57 ოჯახს გადავცეთ სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ამ ოჯახებს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მივმართავ ასევე, ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც მოგაწვდიან დაწვრილებით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საბუთები უნდა წარმოადგინოთ საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად. 300 მილიონზე მეტი ღირებულების ქონება გვაქვს მთლიანობაში მსგავსი ოჯახებისთვის გადაცემული, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ყურადღება გამახვილდა, ავტოფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, სკვერის მოწყობის სამუშაოებია. თბილისის მერის განცხადებით, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, მე-17 და მე-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე 14 ავტოფარეხის დემონტაჟი იწყება. 

მისი თქმით, მომდევნო წლებში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემთხვევაში, სპორტული მოედნები და რეკრეაციული სივრცეები ყველა რაიონში მოეწყობა.

„დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, მე-17 და მე-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე 14 ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, ტერიტორია გამოთავისუფლდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა საბავშვო სივრცე, განთავსდება საპარკე ავეჯი და განათებები დამონტაჟდება. აღნიშნული ავტოფარეხები ვიზუალურად ამახინჯებს გარემოს და ბევრი არც იყენებს მას. ეს 90-იანი წლების მავნე პრაქტიკაა და ბევრ რაიონში რჩება პრობლემად, თუმცა, თბილისის მერია ეტაპობრივად, ყველა რაიონში უზრუნველყოფს მათ დემონტაჟს და სანაცვლოდ, სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ოთხი წელი ამ მიმართულებით კვლავ აქტიური იქნება.

კახა კალაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში ასფალტის საფარი იგება.

ამ დროისათვის, პროექტი ხორციელდება ინგუშეთის ქუჩაზე, მაისურაძის ქუჩის პირველ შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში.

მისივე თქმით, თბილისის მერია ეტაპობრივად, ყველა იმ დასახლებას მოაწესრიგებს, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა არსებობს.

„პროექტის პირველ ეტაპზე, 1 200 კვ.მ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ქუჩებში გარე განათების ქსელი მოეწყობა. პატარა ტბის დასახლების ამ კონკრეტულ ქუჩებზე მოსახლეობა დღემდე გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. ვერ წარმოიდგენთ, წვიმიან ამინდში რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო. ბევრი გვაქვს ასეთი დასახლებები, სადაც ანალოგიური პრობლემაა. იგივე იყო მუხიანის დასახლებაში, აგარაკებზე, სადაც დავიწყეთ მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. იგივე არის სოფელ დიღომში, მიწისქვეშა კომუნიკაციები არ არსებობს. ყველგან მივდივართ იმ მიდგომით, რომ პირველ რიგში უნდა მოვაწესრიგოთ ეს მიწისქვეშა კომუნიკაციები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, პატარა ტბის დასახლებაში მდებარე ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმოძრავებს.

აქვე, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალურ პროგრამაში - „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის, თბილისის მერია პირველი ნოემბრიდან მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს.

„ნებისმიერ, თბილისში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომელიც ოთხ პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით, მოამზადებს და გადაამზადებს პროგრამის მონაწილეებს. ეს კოლეჯები გახლავთ: „იკაროსი“, „მერმისი“, „სპექტრი“ და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი. პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მომზადება-გადამზადებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროგრამის მონაწილეთა მომზადება-გადამზადებისთვის საჭირო გადასახადს მუნიციპალიტეტი თავად უზრუნველყოფს.

„პროგრამა 2018 წლიდან ავამოქმედეთ. 2018-2020 წლებში მოვახერხეთ 4 500-ზე მეტი მოქალაქის ჩართვა და მათგან უმრავლესობა უკვე დასაქმებულია, თავიანთი სამსახური აქვთ და ეს ადამიანები არიან მადლიერი. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. ამ ყველაფერს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია პირველ ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება მერიის ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge, ასევე, ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge.

27 ოქტომბერი 2021