კახა კალაძე: ახალი ვადითა და უფლებამოსილებით დედაქალაქის მთავრობა მალე ისევ ჩადგება თბილისის სამსახურში

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობას დღეიდან უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას ისაუბრა.
 
კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში დედაქალაქის საკრებულოს თბილისის მთავრობის განახლებული შემადგენლობა დასამტკიცებლად  წარედგინება.
 
„დღეს, უნდა ჩატარებულიყო დედაქალაქის მთავრობის სხდომა, თუმცა გვაქვს განსხვავებული მდგომარეობა. როგორც იცით, მაქვს პატივი, ვიყო თბილისის მეორე ვადით არჩეული მერი. ამისთვის დიდი მადლობა თითოეულ თბილისელს, ყველას, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა! ასევე, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ საარჩევნო კამპანიაში და გვერდით გვედგა.
 
ამასთან, გაცნობებთ, რომ თბილისის მთავრობას დღეიდან შეუჩერდა უფლებამოსილება.  სულ მალე საკრებულოს წარვუდგენ ჩვენს გუნდს, რომლის წევრების უმეტესობას თქვენ კარგად იცნობთ, თუმცა მთავრობის შემადგენლობა ასევე იქნება განახლებული. ასე რომ, ახალი ვადით და სრული უფლებამოსილებით დედაქალაქის მთავრობა მალე ისევ ჩადგება თბილისის სამსახურში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
 
მისივე თქმით, მომავალი ოთხი წელი ის იქნება ყველას მერი, საკუთარ გუნდთან ერთად, კვლავ 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ქალაქის პრობლემებზე ზრუნვას.
 
„მზად ვართ, 24-საათიანი შრომით შევასრულოთ ყველა დაპირება და ღირსეულად ვუპასუხოთ თბილისელების მიერ გამოცხადებულ უდიდეს ნდობას და მხარდაჭერას.
 
მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩემო თბილისელებო - თქვენ, ვინც მხარს გვიჭერდით გასული ოთხი წლის განმავლობაში და მომავალი თბილისის ბედი ამჯერადაც გვანდეთ; თქვენც, ვინც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, თუ სხვა მიზეზის გამო, არ ხართ პირადად კახა კალაძის მხარდამჭერი, მაგრამ გულშემატკივრობთ თბილისს. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ამ ქალაქის სიყვარული. ქალაქის, სადაც მრავალფეროვნება, სხვადასხვა რწმენის, შეხედულების, გემოვნების მქონე ადამიანების თანაცხოვრება ქმნიდა მისი ცხოვრების რიტმს და აქცევდა თბილისს სრულიად უნიკალურ, გამორჩეულ ქალაქად. განსხვავებულის მიმღებლობა, სამწუხაროდ, დღეს ნამდვილად გვაკლია.
 
მე, როგორც თბილისის მერი, გაძლევთ პირობას, ვიქნები ყველას მერი. არ დავიღლები იმის შეხსენებით, რომ თბილისი ჩვენი დიდი ოჯახია და ყველანი პასუხისმგებლები ვართ მის დღევანდელობასა და მის მომავალზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
 
ასევე, მან ისაუბრა იმ პროექტებსა და მიღწევებზე, რაც თბილისის მერიის მიერ ბოლო წლებში განხორციელდა.
 
„მინდა გამოვყო განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აღდგენილი თუ რეაბილიტირებული პარკები და სკვერები, გამწვანებული ქუჩები და გზაგამყოფები, ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტირებული ხიდები და გვირაბები, რესტავრირებული ისტორიული შენობები, გაცოცხლებული ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, განახლებული, სრულიად რეაბილიტირებული გამზირები და ქუჩები, მოწესრიგებული კომუნიკაციები და ასფალტის საფარი 1 000-მდე ქუჩაზე, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობები; სპორტული მოედნები, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია, სოციალური და ჯანდაცვის ახალი პროგრამები. ასევე, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, დაახლოებით, 7 000-მდე სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას ვეხმარებით განათლების მიღებაში.
 
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წლობით დაუკანონებელი ქონების რეგისტრაციის საკითხი, გაჩერებული, უიმედო მშენებლობებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.  ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც 10 000-მდე ოჯახს ეს ბედნიერება და სიხარული მივანიჭეთ. მაგალითად, „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „აქსისის“ და ა.შ. მიერ დაზარალებულებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა. ეს თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომის და ძალისხმევის დამსახურებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პანდემია ბევრი დაგეგმილი პროექტის შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.
 
„ბოლო ოთხი წელი იყო არა მხოლოდ განვითარებისა და მშენებლობის, არამედ დიდი გამოწვევების პერიოდი. კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. მან მძიმე დარტყმა მოგვაყენა - ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ასევე, დაზარალდა ყველა სექტორი. რასაკვირველია, ასეთ დროს მთავარი პრიორიტეტი უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ყველაზე დაუცველი ოჯახების დახმარება იყო და არის. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაერთიანდა კიდევ ერთხელ თბილისი ამ გამოწვევის დროს, როგორი სოლიდარულები ვიყავით ერთმანეთის მიმართ. პანდემიის ორი წელი გახდა შემაფერხებელი ბევრი პროექტის, რაც ასე სჭირდება თბილისს. თუმცა, გაძლევთ პირობას, რომ აუცილებლად შევასრულებთ ყველა დაპირებას და გამოვნახავთ ყველა რესურსს, რათა დაწყებული თუ ჩაფიქრებული პროექტები ბოლომდე მივიყვანოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
 
დასასრულს, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ჩართულობისკენ მოუწოდა.
 
„იცოდეთ, თბილისისთვის მნიშვნელოვანი  პროექტის განხორციელება თქვენზეც არის დამოკიდებული. ამ პროცესში, როგორც ყოველთვის, მთავარი ხართ თქვენ, თბილისელები. თქვენს აზრს, აქტიურობას, ჩართულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მინდა, ვისურვო რომ ამ პროცესში არ ვიქნებით დაპირისპირებულები, არამედ ვიქნებით ერთიანები ჩვენი თბილისისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.
 

24 ნოემბერი 2021