ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის, სამუშაოები მთლიან სარეაბილიტაციო არეალში ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს მონაკვეთი ორ ნაწილად გაიყო. პირველ მონაკვეთზე ასფალტი ზედა ფენაშია მოქცეული და საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა ხდება. მომდევნო დღეების განმავლობაში, ამ მონაკვეთის ჩაკეტვას ვაპირებთ და ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდება. რაც შეეხება თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია. მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის, საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები. მონტაჟდება ლედ სანათები. პარალელურად, მიმდინარეობს მეტროსადგურ „ავლაბრისა“ და ავლაბრის მოედნის, ასევე, იქვე არსებული რეკრეაციული სივრცეების განახლების სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მათ შორის, მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება.  

გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც დასრულებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია, ხოლო სანიაღვრე ქსელის მოწყობა ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულ მონაკვეთში საგზაო სამუშაოები უახლოეს პერიოდში განხორციელდება. 

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ლევან ნაროუშვილი და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, კახაბერ ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ. 

03 აგვისტო 2022