თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

კახა კალაძემ სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

„გუშინ მთელი საქართველო დაძაბული ადევნებდა თვალს ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს. ეს იყო ძალიან მძიმე დღე, რომელიც საბედნიეროდ, კარგად დასრულდა. სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებაში დიდია ჩვენი სამართალდამცველების წვლილი. პროფესიონალურად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ მოიტანა ის შედეგი, რომ მძევლად მყოფი ყველა მოქალაქე უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს და დაკავებულია მძარცველი. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სპეცოპერაციაში მონაწილე თითოეულ სამართალდამცველს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბოლო პერიოდში ქალაქში გადაადგილების არსებულ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საცობების მატება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის გამოწვეული.

„საკმაოდ აქტუალურია დედაქალაქში საცობების საკითხი და ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რა ხდება და რატომ არის ასეთი ვითარება, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. პასუხი მარტივია - ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება, რომელსაც ბოლო ათწლეულებია არავინ შეხებია. ვიცოდით რას ვაკეთებდით, რამდენად მძიმე თემა იყო. მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო, ცენტრალურ ქუჩებში საცობებია და გადაადგილება გართულებულია. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიწყო, ორ მნიშვნელოვან გამზირზე - მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის. არაერთხელ ვთქვით, რომ სადაც შევდივართ სამუშაოებით, გვინდა, რომ ყველაფერი მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამას თან ახლავს დისკომფორტი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ამ გამზირებზე მცხოვრებ ხალხს, რადგან კარგად ვიცი, თუ რა პირობებში გაატარეს ზაფხული. აქ დღე და ღამე მიმდინარეობდა სამუშაოები. იყო ხმაური, მტვერი, რაც მათ სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. ისინი ამ ყველაფერს გაგებით ეკიდებოდნენ, რადგან იციან, რომ ეს კეთდება ჩვენი ქალაქის და ჩვენი შვილებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წერეთლის გამზირის განახლება დაიწყება.

„ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო და იმის ფუფუნება, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქუჩის და გამზირის რეაბილიტაცია განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კოლაფსიც არ უნდა მოხდეს, მაგრამ ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც ამ გამზირებს დავასრულებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვიწყებთ. მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი დაპირება, რაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა, შესრულდა და თბილისს სრულად განახლებული, ევროპული ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს, შემდეგ ეტაპზე კი მოქალაქეებმა ამ ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ უნდა შეძლონ.

„როდესაც სატრანსპორტო რეფორმასა და პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ვართ თანმიმდევრულები. პირველი გავაკეთეთ ის, რომ დაპირება შესრულდა - საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა და ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები გვყავს. ეს ეტაპი წარმატებით დასრულდა. როგორც ქალაქის მერს, მეამაყება, რომ დედაქალაქს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული ტრანსპორტი ჰყავს. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ ამ ტრანსპორტით მოქალაქეებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ, ასევე, მოცდის დრო შემცირდეს. ეს ყველაფერი გაკეთდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით. ქალაქში შესაბამისი საავტობუსო ზოლები თუ არ გაჩნდება, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება. ცხადია, ყველა ქუჩაზე ეს ვერ მოხერხდება, მაგრამ იმ კონკრეტულ გამზირებზე, სადაც კვლევები გვიჩვენებს, რომ აუცილებელი და შესაძლებელია, ყველგან გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გარეშე, შეუძლებელია ქალაქის განვითარება. მესმის, რომ არის დისკომფორტი და სირთულეები. თუ ვინმე გვასწავლის, როგორ უნდა მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია ისე, რომ გადათხრა არ მოგვიწიოს, რჩევებს მივიღებთ. ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ და როცა სამუშაოები დასრულდება, ჩვენი ქალაქი ყველანაირად მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არსებულ პრობლემას ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა ვერ მოაგვარებს.

„მოსახლეობაში არსებობს მოსაზრება, რომ ტრანსპორტის დამატებით პრობლემა მოგვარდება. კიდევ ავტობუსები რომ დავამატოთ, ეს მეტ პრობლემას შექმნის და შეუძლებელი გახდება გადაადგილება. უნდა აღინიშნოს, რომ კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 8%-ით იზრდება. შესაბამისად, გამოსავალია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქში ყოველდღიურად ხორციელდება მონიტორინგი, რაც ტრანსპორტით გადაადგილებისას არსებულ შეფერხებებს ხსნის.

„დედაქალაქში გვაქვს, დაახლოებით, 20 პრობლემური მარშრუტი, სადაც გზების შეზღუდული გამტარუნარიანობის გამო, დაგეგმილი ბრუნების, დაახლოებით, 30% ვერ სრულდება. ეს ნიშნავს, რომ პიკურ პერიოდში საზოგადოებას განახევრებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება, რაც ერთი მხრივ, ზრდის მოლოდინის დროს და მეორე მხრივ, ვიღებთ გადავსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამ შეფერხების მიზეზი რამდენიმე კვანძია, მათ შორის, მარშალ გელოვანის კვანძი, სადაც გათვლებმა აჩვენა, რომ პიკურ დროს ნაკადების 15%-ის შემცირებით, აღნიშნული კვანძი ავტომობილებს დასაშვები სიჩქარით გაატარებს. ამდენად, თუ პრობლემურ კვანძებს განვაზოგადებთ მთლიანი ავტომობილების რაოდენობაზე, გადაადგილებისთვის საჭირო 8-10%-სთვის მაინც გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ვფიქრობთ, რეალურია და სრულიად შესაძლებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ამ მხრივ, ყველა ევროპულმა ქალაქმა გაიარა ის გზა, რასაც ახლა თბილისი გადის.

„ათეული წლის წინ ყველა ევროპულ ქალაქში, პარიზში, მილანში და ა.შ. იგივე პრობლემები იყო, რაც ჩვენთანაა. შესაბამისად, საუკეთესო პროექტების გადმოტანა მნიშვნელოვანია. მადლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ყველა კომპანიას, რომელიც ამ პროექტების განხორციელებაში გვეხმარება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, საგზაო მოძრაობა აღდგენილია.

„მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილება ავტომობილებისთვის შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი დასრულებულია. შემდეგი ეტაპი იქნება საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულამდე წამოწევა და ასფალტის ორი ფენის დაგება. თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ სამუშაოები აქტიურ ფაზაში ხორციელდება. დღეს უკვე ჩაკეტილია მოძრაობა კოსტავას ქუჩის ჩასასვლელთან, სადაც მიმდინარეობს ანალოგიური სამუშაოები, რომელიც უშუალოდ მელიქიშვილის გამზირზე განხორციელდა. პარალელურად, იწყება გამწვანების სამუშაოები, ტროტუარების მოწესრიგება, ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ განთავსება, ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟება, მიწისქვეშა ურნების განთავსება. სამუშაოებს, დაახლოებით, ნოემბრის ბოლოს მთლიანად დავასრულებთ. უნდა აღინიშნოს, რომ გამზირი მთლიანად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე, გზის სხვადასხვა მონაკვეთში ასფალტის საფარი იგება.

„ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება. პარალელურად, ასფალტის ქვედა ფენები ავლაბრის მოედანზე და თელავის ქუჩის შესახვევიდან, ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე იგება. შემდეგ ეტაპზე, აღნიშნულ სარეაბილიტაციო მონაკვეთში, საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სახეშეცვლილი ავლაბრის მოედანი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი იქნება.

„ავლაბრის მოედანი მთლიანად სახეშეცვლილი იქნება. ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი გახდება. პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედანზე არსებული შადრევანი ავიღეთ და ეს სივრცე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოვიყენეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, კოჯორში განხორციელებული სამუშაოებია. კერძოდ, კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა.

მისი თქმით, ფერდის გამაგრების სამუშაოები სპეციალისტების მიერ ჩატარებული დეტალური კვლევის შედეგად დაიგეგმა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი რეაბილიტირებულ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე აღდგება.

„კოჯორში იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში, მიწის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი დააზიანა, გადაადგილება შეუძლებელი იყო, თუმცა, მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია. კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, უსაფრთხოების მიზნით, ოპერატიულად დაიწყო გადაუდებელი სამუშაოები. პირველ რიგში, სპეციალისტებმა ჩაატარეს დეტალური კვლევა, რის მიხედვითაც, დაიგეგმა ფერდის გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინა-ბეტონის კედელი, გაბიონები და ამჟამად, სავალ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი სწრაფად აღდგენა, რადგან ამ გზით უამრავი ადამიანი სარგებლობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი, დაახლოებით, 24 სექტემბრისთვის დასრულდება და გადაადგილება ორმხრივად, თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაცია დასრულდა.

„ჩვენთვის ახალი სკვერების და პარკების მოწყობა, არსებული სკვერების მოწესრიგება და განახლება მნიშვნელოვანია. სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოწესრიგდა. ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარი სრულად რეაბილიტირდა, გამწვანდა და კეთილმოეწყო. რიგის პარკსა და მიმდებარედ არსებულ ბულვარში, რომელთა საერთო ფართობიც შვიდ ჰექტარს შეადგენს, საბავშვო და სპორტული მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და განათების სისტემები მოეწყო. ცენტრალურ ნაწილში, მედიათეკის მიმდებარედ განთავსდა შადრევანი. ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. დამატებით, მოეწყო გამწვანებული თარგები, რომლითაც გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა. გვექნება შესაძლებლობა, მომდევნო დღეების განმავლობაში, მივიდეთ და არსებული სივრცე დავათვალიეროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის ყველა რაიონში მწვანე სივრცეების აღდგენა და ახალი პარკების მოწყობა მნიშვნელოვანია.

დედაქალაქის მერმა ქუჩის მხატვრობისა და აღნიშნული სფეროს წარმომადგენლების წახალისებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუჩის მხატვრობის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯამში, უკვე 100-მდე კედელია მოხატული.

„დედაქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების ფონზე, მისი კულტურული იერსახეც იცვლება და ორგანულ კავშირში ებმება ქუჩის ხელოვნებასთან. ქალაქების ურბანული იდენტურობისა და მათი მიმზიდველობის მნიშვნელოვან ნაწილად ქცევის პერსპექტივა, ბერლინისა და სხვა ევროპული ქალაქების მაგალითზე, ქართველმა ხელოვანებმა და კურატორებმაც დაინახეს და დასავლური ქვეყნების ურბანისტული კულტურის ორგანულ ნაწილად ქცეული Street Art-ის გადმოტანა, ქართულ რეალობაშიც გადაწყვიტეს. ამას მივესალმებით და მხარს ვუჭერთ. ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, უკვე 100-მდე კედელია მოხატული, მათ ავტორებს შორის არიან გამოცდილი უცხოელი არტისტები, ცნობილი ქართველი ხელოვანები და დამწყები ქუჩის მხატვრები, რომელთათვის ეს დიდი გამოწვევა იყო. ქუჩის მხატვრობის ფესტივალ „ნიკოსა“ და „თბილისი მურალ ფესტის“ ფარგლებში, ასევე კიდევ რამდენიმე ორგანიზაციისა და დამოუკიდებელი ხელოვანის მიერ შექმნილი განსხვავებული თემატიკის ნამუშევრები არამარტო აფერადებს ქალაქს, არამედ ქმნის ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და ხედვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილეებს დაავალა, რომ ქუჩის მხატვრობა მეტად წახალისდეს და ამ მიზნით, ახალგაზრდა ხელოვანებთან შეხვედრა გამართონ.

„მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, რომ კიდევ ერთხელ შეხვდეთ ამ დარგის წარმომადგენლებს და მაქსიმალურად დავეხმაროთ. 2019 წელს, დაახლოებით, 100 000 ლარი გამოვყავით მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. ეს თანხები ყოველწლიურად იზრდება. მზად ვართ, 500 000 ლარი გამოვყოთ, რომ თბილისი კიდევ უფრო ფერადი გახდეს. ახალგაზრდებს კი თავიანთი ნიჭის განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი - ტერენტი ენდელაძე წარუდგინა, რომელიც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურში მონიტორინგის სპეციალისტია.

„მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი თანამშრომელი - ტერენტი ენდელაძე, რომელიც პროფესიით გახლავთ ინჟინერ-სისტემოტექნიკოსი. იგი 1981 წლიდან სატრანსპორტო მიმართულებით მუშაობს. მიღებული აქვს მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაში. ტერენტი ენდელაძე დიდი ხნის განმავლობაში, მუშაობდა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საგზაო მოძრაობის ორგანიზების განყოფილების მთავარ სპეციალისტად, მესამე წელია კი „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურში მონიტორინგის სპეციალისტია. საერთო ჯამში, დედაქალაქის სატრანსპორტო განვითარებას ემსახურება 41 წელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ადამიანს გაწეული შრომისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

21 სექტემბერი 2022