ვერეს ხეობაში ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვერეს ხეობაში, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოებს გაეცნენ. ფერდის გასამაგრებლად რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

„ეს ადგილი წარმოადგენდა საფრთხეს, მოსახლეობის ძალიან დიდი თხოვნა იყო ამ პროექტის განხორციელება და რა თქმა უნდა, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. მიწის ქვეშ, 9 მეტრის სიღრმეში კეთდება ხიმინჯები. კედლის სიგანე დაახლოებით 140 მეტრი იქნება, ხოლო სიმაღლეში იქნება 9 მეტრი. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ვაკის რაიონის გამგეობა განახორციელებს კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოება და ჩვენ ვხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ის საფრთხე, რაც ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას, ყველანაირად მოხსნილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება 2023 წლის თებერვალში იგეგმება.

ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

22 ნოემბერი 2022