თბილისის მერი „მერების შეთანხმების“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (Com – East) მიერ ორგანიზებული კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კონფერენციის გახსნაზე თბილისის მერმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და თბილისის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებების დაძლევისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, თბილისი იყო პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დედაქალაქებს შორის, რომელიც 2010 წელს მერების შეთანხმებას მიუერთდა.

„ამ ხელმოწერით თბილისის მერია შეუერთდა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავდა 2020 წლამდე თბილისში ნახშირბადის ემისიების შემცირებას და მის მედეგ ქალაქად გადაქცევას. ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ემისიის შთანთქმის ბუნებრივი წყაროების გაზრდაზე - დედაქალაქის გარშემო არსებული ტყის საფარისა და ზოგადად, ქალაქში არსებული რეკრეაციული სივრცეების - სკვერებს, პარკების განახლება-რეაბილიტაციასა და ახალი პარკების შექმნაზე. ამასთან, ძირეული ნაბიჯები გადავდგით მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განახლების და განვითარების კუთხით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, ქვეითთა უფლებების გაზრდა, ეკოტრანსპორტის განვითარება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა დონორების მხარდაჭერით განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ დედაქალაქის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

„საერთაშორისო დონორების დახმარებით განახლდა თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი; გაზრდილია CNG ავტობუსების შემადგენლობა და იგეგმება მათი რაოდენობის გაზრდა; მოეწყო ჯამში 27 კმ ველობილიკი და მიმდინარეობს სუპერბლოკების პროგრამა უბანში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის, ხმაურისა და დაბინძურების შემცირებისა და უსაფრთხოდ გადაადგილების ხელშეწყობის გზით. აგრეთვე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. შევიმუშავეთ თბილისის მუნიციპალური მყარი ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც მნიშვნელოვნად წაგვადგება ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების სისტემის დანერგვაში. მიმდინარეობს მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე გაზშემკრები და ნაჟური წყლების სისტემების დანერგვასა და გაუმჯობესებაზე მუშაობა, თუმცა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობით, ერთობლივი ინიციატივებით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესი მეტად ეფექტიანი იქნება. ამ პროცესში, მუნიციპალიტეტებს უმნიშვნელოვანესი როლი გვაკისრია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისი ერთგული რჩება „მერების შეთანხმების“ პრინციპების და უერთდება ახალ ვალდებულებებს.

ორდღიან კონფერენციაზე, სახელწოდებით „მერების შეთანხმების ათი წლისთავი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“, შეფასდება „მერების შეთანხმების“ 10-წლიანი პროგრესი, ძირითადი გამოწვევები და ბარიერები რეგიონის ქვეყნებიდან; წარმოდგენილი იქნება წარმატებული მაგალითები და გამოცდილება, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტები გაეცნობიან ევროკავშირის სამომავალო მხარდამჭერი ინიციატივების შესახებ ინფორმაციას.

ღონისძიებაში მონაწილეობს ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების 150-ზე მეტი წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან, ასევე, ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მაღალი დონის წარმომადგენელები.

29 ნოემბერი 2022