თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება.

მისი თქმით, ამავე დღეს აინთება ილუმინაციებიც, „საახალწლო სოფელი“ კი მოგვიანებით გაიხსნება.

„საახალწლო ილუმინაციებისა და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება 9 დეკემბერს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ამინდი იქნება. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუმცა, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 9 დეკემბერს განათდეს დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით. მოგვიანებით გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, სადაც ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საახალწლო სლოგანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ.

„ყოველ წელს გვაქვს საახალწლო სლოგანი, რაც 2018 წლიდან იცვლებოდა. იყო „სიცოცხლით სავსე თბილისი“, „სიყვარულით სავსე თბილისი“, „ისტორიით სავსე თბილისი“, „სოლიდარობით სავსე თბილისი“ და „მეტი სიყვარული - გვიყვარდეს ერთმანეთი“. წელს ჩვენი საახალწლო სლოგანია - „მშვიდობის ქალაქი“. იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება ნებისმიერი ადამიანი რასაც ინატრებს, მშვიდობაა, თუმცა, საკმარისია ხელისუფლების, თბილისის მთავრობის, ან გნებავთ, საზოგადოების მხრიდან გაჩნდეს საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, მყისიერად იწყება თავდასხმა, ბულინგი, ცილისწამება. გუშინ, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, აღნიშნული საახალწლო სლოგანი წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება ჩვენი მეგობარი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მიმართ სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი არასოდეს იკადრებდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მშვიდობა გასული წლის მთავარი მონაპოვარი იყო და მას ალტერნატივა არ აქვს.

„ყოველ ახალ წელს ადამიანები ტრადიციულად აღნიშნავენ მთავარ სიკეთეს, რითაც გასული წელი ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ და ერთმანეთს უსურვებენ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც მათ უნდათ, რომ მომავალმა წელმა მოუტანოს. სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა ქართველი ისურვებდა. ამასთან, პირველი, ვისაც თითოეული ჩვენგანი, თითოეული თბილისელი და ქართველი, ერთმანეთის შემდეგ, მშვიდობას უსურვებდა, სწორედ ჩვენი კიეველი და უკრაინელი მეგობრები არიან. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს. რა ვქნათ, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?! არ გავუშვათ ეს ყველასთვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქალაქის მისამართით?!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საახალწლო სლოგანში არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი და მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა მიისწრაფვის.

„გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი დღეს ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი გამეორება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დღეს ჩვენს ქალაქს, ხალხს, ქვეყანას ყველაზე მეტად მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი. სინამდვილეში, მათ არა მშვიდობის შესახებ სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ უპირველეს ყოვლისა, თავად მშვიდობა აღიზიანებთ. სლოგანზე თავდასხმა სწორედ ამ ყველაფრის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი. არ ვიცი, რა ვთქვა, ეს თემა განსასჯელად თქვენთვის მომინდვია. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ მთავარი ის კი არ არის, რა წარწერას გავაკეთებთ ქუჩებში, მთავარია, გულით ვისურვოთ კეთილი სურვილები და ცოტა უფრო მეტად გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, უახლოეს დღეებში, ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება. სამუშაოების გამო, პირველი დეკემბრის 00:00 საათიდან კვირის ბოლომდე, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

მისი თქმით, გუშინ დაკეტილი იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორია, დღეს საგზაო სამუშაოები უკვე დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

„მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. საკომუნიკაციო ჭის თავები უკვე წამოწეული და გასწორებულია. მიმდინარე კვირაში კი ასფალტის საფარის ბოლო ფენას დავაგებთ. აღნიშნული საგზაო სამუშაოების გამო, ამაღამ, 00:00 საათიდან კვირის ბოლომდე, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად შეიზღუდება. მოძრაობა დაშვებული იქნება იმ სქემით, რომელიც გამზირის რეაბილიტაციის დასაწყისში იყო - ვარაზისხევზე მოძრაობა ორმხრივი იქნება, ჭავჭავაძის გამზირიდან წამოსული ავტომანქანები კი ვარაზისხევში ჩასვლას შეძლებენ. ეს იქნება დროებითი, რადგან კვირის ბოლოს საგზაო სამუშაოები მთლიანად დასრულდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხში.

„მიუსაფარი ცხოველების საკითხი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თბილისით შეუძლებელია, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ პროექტზე მსჯელობის პროცესში ჩართული იქნება ყველა ის ადამიანი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც სურვილი აქვს, გაეცნოს აღნიშნულ კანონპროექტს. თუ რაიმე შესასწორებელია, შევასწროთ, თუ ცვლილებებია საჭირო, ერთად განვიხილოთ, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტით რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა ცხოველების გამრავლება, მათი აღრიცხვა-რეგისტრაცია, მეპატრონეების მხრიდან ცხოველების მიტოვება, ცხოველების ორთაბრძოლების აკრძალვა, შესაბამისი ბიზნესსუბიექტების - მომშენებლების, ვეტერინარული კლინიკების, ცხოველთა ბაზრობებისა და სასტუმროების საქმიანობა.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად შეიძლება გამოვყოთ ინოვაციური მიდგომა ცხოველთა მიკვლევადობის მიმართულებით, რაც ცხოველთა მიტოვებას და მათ უკონტროლო გამრავლებას მაქსიმალურად გამორიცხავს. კანონპროექტში გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები ცხოველებისადმი არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევებისას და ასევე, ცხოველის მიერ მესამე პირისთვის ზიანის მიყენებისას, რაც გამოწვეულია მეპატრონეების მიერ აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი მზადაა, ამ მიმართულებით დედაქალაქის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები გამოყოს.

„მესმის, რომ სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუ საკანონმდებლო დონეზე არ დარეგულირდება ეს ყველაფერი და არ მოექცევა ჩარჩოში, რაიმე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და მსჯელობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს. ჩვენი მხრივ კი, მუნიციპალიტეტი მზადაა, გამოვყოთ თანხები, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა.

მისი თქმით, ინიციატივა სადისტრიბუციო ავტომანქანების გამო, გადაადგილების შეფერხების პრობლემას მოაგვარებს.

„მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა. ჩვენმა გუნდმა არაერთი ინიციატივა განახორციელა ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკური საქმიანობის დახმარების მიზნით, განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში. თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თანამშრომლობით, დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც დაეთმობა სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და თბილისის მასშტაბით, დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელება. ხშირია შემთხვევები, როცა სადისტრიბუციო ავტომანქანები გაჩერებული ჰყავთ და აფერხებენ სხვა ავტომანქანების გადაადგილებას. კონკრეტული სივრცეების გამოყოფით ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საზოგადოებას მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი, მაია ბადრიძე წარუდგინა, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მუშაობს.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ გამორჩეულ თანამშრომელს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფრის ფერშალს, მაია ბადრიძეს გაგაცნობთ. მისი ყოველდღიური საქმიანობა დაავადებული და ტრავმირებული ცხოველების დახმარებას უკავშირდება. ზოგადად, თავშესაფრის თანამშრომლების საქმიანობა საკმაოდ რთულია, რადგან ისინი ყოველდღიურად იბრძვიან შინაური ცხოველების სიცოცხლის გადარჩენისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაიას და მის კოლეგებს 24-საათიანი შრომისთვის. ადამიანებს, ჰუმანურად არა მარტო ადამიანების, არამედ ცხოველების დახმარებაც გვაქცევს. შეუძლებელია, ეს საქმე უსიყვარულოდ აკეთო. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად, სახელმწიფო პოლიტიკით, მუნიციპალიტეტებისა და ცხოველების მოყვარული მოქალაქეების ძალისხმევით, შევძლებთ, რომ ნორმალური საარსებო გარემო შევქმნათ ცხოველებისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

30 ნოემბერი 2022