თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ლაგუნა ვერე“ საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადაეცემა და ინფრასტრუქტურა სრულად აღდგება.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის კახა კალაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა.

„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება-მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია. მესმის, პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების რეაქცია და ამის მიზეზი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი და დედაქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და მეტიც - ტერიტორია საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ჩვენ კი ამ სივრცეს მოვაწესრიგებთ და მოსახლეობასთან ერთად განვსაზღვრავთ, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი. მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს და პროცესში საზოგადოებაც ჩართული იქნება. რაც შეეხება მერიის გეგმებს ამ ობიექტთან დაკავშირებით, მას მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად გაგაცნობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა, შენარჩუნდება და შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას.

„რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, აქ დგას აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც, მართალია, არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა, ქმნის თბილისის ერთგვარ ისტორიულ სახეს. შესაბამისად, გეგმარებისას გაითვალისწინეს ეს ფაქტორი და შენობა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას. ასევე, მნიშვნელოვანია მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება სატრანსპორტო კუთხით. იცით, რომ აქ განთავსებულია ბენზინგასამართი სადგურები და ავტოტექმომსახურების პუნქტები, შესაბამისად, ვმუშაობთ, რომ მოწესრიგდეს ეს სივრცე, ასევე, საფეხმავლო და მიწისქვეშა გადასასვლელი სივრცეები. უკვე დამუშავებულია რამდენიმე ვარიანტი, პროცესში ჩართული იყვნენ არქიტექტორები და საბოლოოდ შემუშავდა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.

არქიტექტურის კუთხით, ჯერჯერობით გრძელდება მუშაობა, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს პროექტი და მივიღოთ საუკეთესო განაშენიანება. სხვა დეტალებზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ განაგრძობენ მუშაობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ვაკის პარკში, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილი გმირების შესახებ საინფორმაციო მემორიალი განთავსდება.

მისი თქმით, მოეწყობა სივრცე, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობები იქნება წარმოდგენილი.

„2023 წლის მაისში 100 წელი სრულდება ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების - კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილის და სხვათა დახვრეტიდან. ისინი შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას. მრავალი წელი მათი ხსენებაც კი აკრძალული იყო და ძირითადად საიდუმლოდ, თაობიდან თაობას გადაეცემოდა ამ სამაგალითო გმირობის ამბავი. პრემიერ-მინისტრს აქვს კარგი ხედვა ამასთან დაკავშირებით, რასაც ვიზიარებთ. გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ პატივისცემა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი მამულიშვილების მიმართ, რათა ყველამ იცოდეს მათი ბრძოლის, თავგანწირვისა და თავისუფლებისკენ დაუღალავი სწრაფვის ისტორია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაკის პარკში განთავსდეს საინფორმაციო მემორიალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტში საქართველოს საპატრიარქოც არის ჩართული.

„პროცესში ჩართულია საქართველოს საპატრიარქო და ერთობლივი ძალისხმევით, სულ მალე გაჩნდება სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობების მიწოდება პარკის ვიზიტორებისთვის. ვავალებ ანდრია ბასილაიას, სწრაფად დაიწყეთ პროექტი და მოაწესრიგეთ აღნიშნული სივრცე. თუ საჭირო იქნება გამარტივებული შესყიდვის განხორციელება, ცენტრალური ხელისუფლება გვერდით დაგიდგებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ყურადღება ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზეც გაამახვილა. კერძოდ, აღინიშნა, რომ თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს.

კახა კალაძის თქმით, სხვა უბნებში უკვე მიმდინარეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, თუმცა, საჭიროა, შემუშავდეს მიდგომა ისტორიულ არეალებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობებისთვის.

„დედაქალაქში 10 000-მდე შენობა-ნაგებობა გვაქვს სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხით. როგორც მოგეხსენებათ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ინიცირება ასევე ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოხდა, არის ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა. დაწყებულია ერთი საპილოტე პროექტის განხორციელება და მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ამავე დროს, 25 საცხოვრებელ კორპუსზე მიმდინარეობს მოკვლევა სხვადასხვა ეტაპზე. ზოგ პროექტზე მიმდინარეობს სამშენებლო ნებართვის პროცედურები, ზოგან მზადდება პროექტი, თუმცა, გვაქვს ერთი პრობლემა: ავარიული სახლების ჩანაცვლება არ არის გათვალისწინებული ისტორიულ უბნებში. ვინაიდან ამ უბნებში განაშენიანების პარამეტრები მკაცრად არის შეზღუდული, აღნიშნულ არეალებში წესიდან გამონაკლისია დადგენილი. ის მიდგომები, რაც გვაქვს სხვადასხვა უბანში, რაიონსა და ჩვეულებრივ სივრცეში, ისტორიულ უბნებში არ გამოიყენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს აღნიშნულ პროცესში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და გამგეობების ჩართვა სთხოვა.

„დავდოთ კონკრეტული პროგრამა, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან ბევრი წერილი შემოდის მუნიციპალიტეტში იმასთან დაკავშირებით, რომ ისტორიულ უბნებში ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ვერ ახერხებენ და მოგვმართავენ ჩვენ. ცხადია, მუნიციპალიტეტი ყველა ავარიული სახლის განახლება-რეაბილიტაციას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რაოდენობაა. ამიტომ, აუცილებელია, შეიქმნას კონკრეტული პროგრამა, სადაც ბიზნესის ჩართულობით, შესაძლებელი იქნება აღნიშნული ცვლილებების განხორციელება - ამ სივრცეების მოწესრიგება და რეაბილიტაცია. მესმის, რომ ეს საცხოვრებელი სახლები არის კერძო საკუთრება, მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს საკუთარი უძრავი ქონების კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაცია. ამიტომ, გავალებთ, რომ მუნიციპალიტეტმა გარკვეული პროგრამა შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს, მერიასთან თანამშრომლობით და კოორდინაციით, საცხოვრებელი გარემო გაიუმჯობესონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა უსახლკაროების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა გასულ წელს ფართები 56 ოჯახს გადასცა. დღეის მდგომარეობით, ფართებით 378 ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი.

„წელს საცხოვრებელი ბინებით 80-მდე ოჯახის დაკმაყოფილება გვაქვს დაგეგმილი. უსახლკაროთა სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მომართვიანობაა. დღეის მდგომარეობით, ფართებით დასაკმაყოფილებელი გვრჩება 378 ოჯახი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად, მოქალაქეებმა მერიის შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართონ.

„უსახლკაროს სტატუსის მისაღებად რა არის საჭირო, ამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ, რაიონულ გამგეობას ან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართოთ. პროცესში ჯანდაცვის სამინისტროცაა ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 000–ს არ აღემატება, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა წელსაც გრძელდება.

მისი თქმით, პროგრამით გასულ წელს 21 034–მა პენსიონერმა ისარგებლა და 8 842 176 ლარის ღირებულების მედიკამენტი დაფინანსდა.

„პროგრამა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, წელსაც გრძელდება და სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამ მიზნით, ყოველწლიურად, არამატერიალიზებული 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი გაიცემა. 2022 წელს აღნიშნული პროგრამით 21 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

კახა კალაძემ შესაბამისი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე საპენსიო ასაკის პენსიონერებს მოუწოდა, აღნიშნული პროგრამით ისარგებლონ.

„მერია თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირებს მოუწოდებს, რომელთა სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 000–ს არ აღემატება, ისარგებლონ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით. პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, უნდა მიმართოს ექიმს, ხოლო მის მიერ ელექტრონულად გაცემული ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, ბენეფიციარი სასურველ აფთიაქში მედიკამენტის მიღებას შეძლებს. რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხა და თავიანთი გადაწყვეტილებების შესაბამისად დახარჯონ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იმ მოქალაქეებმა, ვინც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, აღნიშნული პროგრამით ისარგებლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი თანამშრომელი - ნანა ჯორბენაძე წარუდგინა, რომელიც თბილისის N35 საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომელია.

„მინდა, ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომელი გაგაცნოთ - ნანა ჯორბენაძე, თბილისის N35 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი. მას საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო შვიდი წელია კი სკოლამდელი განათლების სისტემაში მუშაობს. აღსანიშნავია ნანა ჯორბენაძის მუშაობის განსაკუთრებული მიდგომები, რომელიც არაერთხელ გახდა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტების ყურადღების ობიექტი. იგი ასევე გამოირჩევა იმით, რომ დღესდღეობით, მსოფლიოში პოპულარული მენტალური არითმეტიკა თავის საქმიანობაში სტანდარტად აქცია. მინდა, მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანისა და ყველა მსგავსი თანამშრომლის მიმართ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

25 იანვარი 2023