დედაქალაქის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ამჯერად, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე ავარიული კორპუსი ჩანაცვლდება.

მისი თქმით, სამსართულიანი კორპუსის ჩანაცვლების საკითხზე, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.

„ეს მაღალი კატეგორიის ავარიული შენობაა. აქ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი უკვე ქირით გვყავს გაყვანილი. პროექტი შეთანხმებულია, ყველანაირი კვლევა ჩატარებულია. აღნიშნული კორპუსის ნაცვლად, თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აშენდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, დედაქალაქში არსებული ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება-რეაბილიტაციაც გაგრძელდება.

„ქალაქში ბევრია ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას, თუმცა ეს არ არის საკმარისი. პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მსგავსი შენობა-ნაგებობების განახლებას, ბიზნეს სექტორს აძლევს საშუალებას, მათი ჩართულობით მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. ამ მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმ კომპანიებს, რომლებიც მოვლენ აღნიშნული შენობების განახლების კონკრეტული წინადადებით, სხვა უბანში, რომელიც არ არის ძველი თბილისის ნაწილი, მივცეთ კოეფიციენტის გადამეტების შესაძლებლობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ პროგრამას, რომელიც საცხოვრებელი ფართებით დაკანონებას ეხება, კახა კალაძის თქმით, დღემდე, ფართები 2 663 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. დამატებით 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვის პროცესი კი, მიმდინარეობს.

„ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, რომელშიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ ფაქტობრივი მფლობელები. ისინი გარკვეული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რაც წარმატებით მიმდინარეობს. დღემდე საცხოვრებელი ფართები 2 663 ოჯახს დაუკანონდა. ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებშიც აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. პროგრამა გრძელდება და დღეის მდგომარეობით, ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვა მიმდინარეობს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი გვერდით დაუდგება ყველა ოჯახს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს. ამისთვის საჭიროა, მოქალაქეებმა მიმართონ რაიონულ გამგეობებს, სადაც დაკანონების პროცესში დაეხმარებიან.

ამასთან, თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარებული პირების დაკმაყოფილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით, 28 ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულად ცნობილია 3 500-ზე მეტი პირი. ჯამში, დაკმაყოფილებულია დაახლოებით, 2 500-მდე კოოპერატიული პირი.

მათი დაკმაყოფილების მიზნით, გამოცხადდა 28 ინტერესთა გამოხატვა. საუბარია, ჯამში 28 პროექტზე. აქედან 15 პროექტზე უკვე გაცემულია სამშენებლო ნებართვა, რომლის ფარგლებში დაკმაყოფილდება 1000-მდე პირი; სანებართვო ეტაპზეა 9 პროექტი და სამშენებლო ნებართვის გაცემის შემდეგ, დაკმაყოფილდება 550-მდე პირი; ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა 4 პროექტი, უკვე გამოვლენილია შესაბამისი გამარჯვებული ინვესტორები და შედეგად იგეგმება 400-მდე პირის დაკმაყოფილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღესდღეობით შემოსულია კიდევ 615-მდე დაზარალებული პირის განცხადება და ამ მოქალაქეების ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა მოხდება მიმდინარე და მომდევნო წლის განმავლობაში.

ასევე, მერმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში არიან ჩართული.

თბილისის მერიამ 22 მაისიდან დაიწყო სპეციალური სტიკერების დარიგება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული სტიკერები იქნება მაიდენტიფიცირებელი იმისა, რომ მათ საავტობუსო ზოლში შეეძლებათ გადაადგილება.

„პირველი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც 10 წლამდე ავტომობილი ჰყავთ, ვაძლევთ შესაძლებლობას, საავტობუსო ზოლებში იმოძრაონ. 22 მაისიდან დავიწყეთ სტიკერების გაცემა, რაც იქნება მაიდენტიფიცირებელი იმისა, რომ აღნიშნულ ავტომობილს აქვს შესაძლებლობა, იაროს საავტობუსო ზოლში. ეს სტიკერი უნდა განთავსდეს ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. დანარჩენ ავტომობილებს, რომელიც არის A კატეგორიის და ასაკით 10 წლის ზემოთ, მხოლოდ იმის უფლება ექნებათ, რომ მგზავრი აიყვანონ და ჩაისვან საავტობუსო ზოლში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დაწყებულია QR კოდების გაცემაც, რაც ტაქსებში მგზავრობის ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა.

ამასთან, კახა კალაძემ გამარჯვება მიულოცა რვა წლის მარიამ რეხვიაშვილს, რომელიც ჭადრაკში ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

„მინდა, ერთი სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ: ამ დღეებში ალბანეთის ქალაქ დურესში დასრულდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც თბილისის მერიის ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის აღსაზრდელი 8 წლის მარიამ რეხვიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.

მინდა, მადლობა გადავუხადო მარიამის მწვრთნელს, ბატონ იოსებ კვირიაშვილს. ასევე, მინდა, მარიამს მივულოცო, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წარმატებები ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის. როგორც ვიცი, მარიამი ასპარეზობის დროს ავად გახდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც შეძლო ოქროს მედალი მოეპოვებინა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, ქართველმა მოზარდებმა ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

„ვულოცავთ ჩვენს მოჭადრაკეებს მიღწეულ წარმატებას და მარიამს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სპორტში გვაქვს ძალიან დიდი მიღწევები და წარმატებები, რაც თითოეულ ქართველს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს სიამაყის გრძნობას გვიმაღლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი - თინა ჯავახიშვილი წარუდგინა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 1968 წლიდან მუშაობს.

„ქალბატონი თინა ჯავახიშვილი ნახევარ საუკუნეზე მეტია ბოტანიკური ბაღის სიყვარულითა და ბაღზე ზრუნვით ცხოვრობს. მან საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აგრონომის პოზიციაზე მუშაობა 1968 წელს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ნიკო კეცხოველის რეკომენდაციით დაიწყო. მის საკურატორო სივრცეს მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული ლანდშაფტური დიზაინის ფუძემდებლის, გიორგი მანაგაძის მიერ შექმნილი მხატვრულ-დეკორატიული ნაკვეთი - „პარტერი“ წარმოადგენდა. სწორედ მისი დამსახურებით შენარჩუნდა ბოტანიკური ბაღის ეს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომელიც თბილისელებისთვის და უცხოელი სტუმრებისთვის დღესაც გამორჩეულ ადგილს წარმოადგენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თინა ჯავახიშვილს დედაქალაქისთვის გაწეული შრომისათვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ქალბატონი თინა ჯავახიშვილის მიერ გაწეული შრომა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითია. მე, როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს უწყებაში არიან ასეთი ადამიანები. ჩვენი გუნდის წარმატება სწორედ ასეთ პროფესიონალ, კეთილსინდისიერ და თავის საქმეზე შეყვარებულ თანამშრომლებზე გადის, რომლებიც ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებლებს ღირსეულად ემსახურებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

24 მაისი 2023