დავით ნარმანიამ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

დავით ნარმანიას განცხადებით, ზუსტად 3 წლის წინ, აგვისტოს დასაწყისში დედაქალაქის მმართველობას სათავეში ჩაუდგა ახალი გუნდი მისი ხელმძღვანელობით.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ დაგვხვდა ფაქტობრივად განულებული ბიუჯეტი და ქალაქი, რომლისთვისაც გამოყოფილი თანხები იხარჯებოდა კონკრეტული პირების პირადი კეთილდღეობისთვის და ამ მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, ჩვენ დაგვჭირდა ძალიან დიდი შრომა, რათა აგვენაზღაურებინა დაკარგული დრო და პარალელურ რეჟიმში, გვეზრუნა ქალაქის განვითარებაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა  –  4 მლნ-ზე მეტ მ2 ფართს, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 2 მლნ მ2-მდე გზის საფარი, სულ 207 ქუჩა.

ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, აშენდა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ხიდებს, მათ შორის იყო: პუშკინის ესტაკადა, ბარათაშვილის ხიდი, გულიას ხიდი. გარდა ამისა, აშენდა სრულიად ახალი გზები: სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა, კრწანისი შინდისის გზა და სხვ.

თბილისის მერმა ისაუბრა ასევე 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 90 000 000 ლარი დაიხარჯა.

„ჩვენ დაგვჭირდა ძალიან დიდი რესურსების მობილიზება სტიქიის შედეგად დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, დაზარალებული მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად, თუმცა ამ შემთხვევაშიც შევძელით და პარალელურ რეჟიმში არ შევაჩერეთ ქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა, წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნვა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 2014-17 წლებში თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი. გარდა ამისა, მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2014 წლიდან დღემდე, თბილისის ბაღებში ბავშვების რაოდენობა 7 595-ით გაიზარდა, ხოლო ახალი სასწავლო წლიდან, 5 ახალი ბაღის გახსნით, კიდევ 1500-მდე ბავშვი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.

დავით ნარმანიას განცხადებით, წარმატებით განხორციელდა ასევე პროექტ „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპი და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აღმაშენებლის გამზირს მარჯანიშვილის მოედნიდან-ზაარბრიუკენის მოედნამდე.

„ავტოპარკი განვაახლეთ Man-ის 143 ახალი, ადაპტირებული, თანამედროვე ტიპის და ეკოლოგიურად სუფთა ლურჯი ავტობუსით. ავაშენეთ და გავხსენით ახალი მუნიციპალური ავტობაზა. გარდა ამისა, თბილისის მეტროში აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაცია.  2016 წელს მოდერნიზდა 4 და გარემონტდა - 16 ვაგონი. მიმდინარე წლის ბოლომდე მოდერნიზდება კიდევ 8 ვაგონი და გარემონტდება - 24. აღვადგინეთ კუს ტბის საბაგირო. აქვე გეტყვით, რომ უკვე დასრულდა მთაწმინდის საბაგიროს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. დაწყებულია მშენებლობის წინამოსამზადებელი პროცესი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, 2014-2017 წლებში მოეწყო 149 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 440-ს. დედაქალაქის მასშტაბით,  2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე დარგული იქნება 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე.

დავით ნარმანიას განცხადებით, შემუშავდა მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა. დოკუმენტზე 200-მდე სპეციალისტმა და საერთაშორისო კონსორციუმმა იმუშავა. ამჟამად, მომზადებული დოკუმენტაციის საჯაროდ განხილვა მიმდინარეობს.

„უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდა, გარემოვაჭრეებს კი ბაზრების და ბაზრობების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით გარკვეული დროით უფასოდ შევთავაზეთ ადგილები კომერციული საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაგრძელების მიზნით. გარდა ამისა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, საანგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად ადმინისტრირებას უწევდა 29-31 პროგრამას. 2014-2017 წლებში 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი გაორმაგდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ..

თბილისის მერის თქმით, 2014-2017 წლებში, ქალაქის მასშტაბით, რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 28 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 426 -ს! აშენდა რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი და სხვ.

დავით ნარმანიას განცხადებით, სწრაფი მოსახერხებელი და ყველასათვის ხელმისაწვდომი სერვისის შესაქმნელად განახლდა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი თბილისის მერიაში.

„ეს, რა თქმა უნდა, არასრული ჩამონათვალია იმისა, თუ რა გაკეთდა ჩვენი ქალაქისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში და უფრო დეტალურად ამ ყველაფრის შესახებ მე შემაჯამებელი ანგარიშით წარვსდგები საზოგადოების წინაშე, თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა: მიუხედავად ქალაქში დღემდე არსებული არაერთი გამოწვევისა, ჩვენი საქმიანობა მუდმივად იყო, არის და იქნება თბილისის სწორი, თანმიმდევრული, წარმატებული და მდგრადი განვითარებისკენ მიმართული. მე კარგად მესმის, რომ დღეს ჩვენს ქალაქში ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, თუმცა ჩვენ გვაქვს გამართლებული ამბიცია, რომ ვუპასუხოთ არსებულ გამოწვევებს. ამის საფუძველს გვაძლევს ჩვენს მიერ განხორციელებული სამომავლო პროექტები, ამის საფუძველს გვაძლევს 24 საათიანი, მუხლჩაუხრელი შრომა, ამ ამბიციის საფუძველია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩვენთან ერთად ყოველდღიურად ფიქრობს თუ რა შემატოს თავის ქალაქს, როგორ იზრუნოს, როგორ შეიტანოს წვლილი მის წინსვლასა და განვითარებაში. სწორედ ამიტომ, მე მჯერა, რომ ეს სამი წელი თბილისისთვის იყო გარდამავალი - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით! ეს იყო გარდამავალი სამი წელი - უკუსვლიდან განვითარებისკენ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

 

02 აგვისტო 2017