ქალაქ თბილისი გთავაზაობთ მრავალფეროვან პარკებს და ბაღებს თბილისის სხვადასხვა უბნებში მხატრული პერსონაჯებით, ატრაქციონებით და ისტორიული ძეგლებით.

 

 


9 აპრილის სახელობის ბაღი

teleporting humans

ყოფ. ალექსანდრეს ბაღის ზედა ნაწილი, კომუნარების ბაღი, ბაღი თბილისის ცენტრალურ ნაწილში; ქალაქის პირველი საზოგადოებრივი დასვენების პარკი. გაშლილია დამრეცი რელიეფის ორ დონეზე, რუსთაველის გამზირის ჩრდილო-აღმოსავლეთით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ამჟამად ბაღს ორ ნაწილად ჰყოფს რ. თაბუკაშვილის ქუჩა, ქვედა ნაწილი გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს. დღეს ბაღის ტერიტორიაზე რუსთაველის გამზირზე გამავალი ორი შენობა დგას — ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესია და ეროვნული გალერეა, რომელიც 1885 წ. აშენდა როგორც სამხედრო-ისტორიული მუზეუმი „დიდების ტაძარი“

ბოტანიკური ბაღი

teleporting humans

თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა. 1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია. ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნშიშეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.[1] ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909-14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლ. ასათიანის ქუჩიდან.

მუშტაიდის ბაღი

teleporting humans

მუშტაიდის ბაღი გააშენა 1830-იან წლებში ირანიდან გამოქცეულმა მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზიმ, რომელიც ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო. გადმოცემით, მუჯთაჰიდმა დასასახლებლად თბილისი ქართველი ცოლის გამო აირჩია, რომელიც ადრე გარდაიცვალა და ამავე ბაღშია დაკრძალული. 1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა. აქ სისტემატურად ეწყობოდა სახალხო სერინობები, გამოფენები, სპექტაკლები. 1935 წელს ამოქმედდა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა[1]. ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა რელიქტური ხის, ძელქვის კორომი.

მზიური

teleporting humans

მზიური — ბავშვთა ქალაქი, დასვენებისა და კულტურის პარკი ქალაქ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში. გასული საუკუნის 1970-იანი წლების მიწურულს პრესაში გამოქვეყნდა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სტატია „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“. სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. გაიხსნა 1982 წელს. პარკი მოწყობილია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა სიუჟეტის მიხედვით.

პუშკინის სკვერი

teleporting humans

თავისუფლების მოედანზე მდებარე ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერი ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და კეთილმოწყობილი სკვერია თბილისში. მას მცირე ფართი უკავია და ქალაქის შუაგულში სიმშვიდის კუნძულივითაა ამოზრდილი. მის ცენტრში მდებარე შადრევნის წყლის კასკადი ღამით ფერადი ნათურების შუქით სხვადასხვაფრად ,,იღებება,” რაც სკვერს კიდევ უფრო მეტად ალამაზებს. დასვენებისა და განტვირთვის გარდა პუშკინის სახელობის სკვერში მოქმედი wi-fi (უსადენო) ინტერნეტი სასიამოვნოსა და სასარგებლოს შეთავსების საშუალებას იძლევა. ახლა უკვე შესაძლებელია ქალაქიდან გაუსვლელად მშვიდ გარემოში განმარტოვება და ამავდრულად, საქმის კეთებაც.

რიყე

teleporting humans

რიყე — ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის (ახლანდელი ძველი თბილისის რაიონი). გვიანდელი შუა საუკუნეებში რიყედ იწოდა მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი (ადრინდელი ავლაბრის ჭალა), რომლის ნაწილი მოგვიანებით სოფელ ჩუღურეთმა დაიკავა. XVII საუკუნეში რიყე საასპარეზო ადგილი იყო. აქ გადიოდა რუსეთში მიმავალი ავჭალის დიდი გზა (შემდგომში რიყის, ხეთაგუროვის, საბჭოს ქუჩები) მდინარე მტკვრის ადიდებისას რიყე იტბორებოდა. XIX საუკუნეში აქ იყო ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები (მკალავები, ხარაზები, ჭონები, მღებავები). XX საუკუნის 70-იან წლებში ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით რიყის ძველი ნაგებობები აიღეს. 2011 წლის 23 ნოემბერს საქართველოში, თბილისში, რიყისპარკში რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა

ვაკის პარკი

teleporting humans

ვაკის პარკი — თრიალეთის ქედის გაშიშვლებულ ფერდობზე მდებარე პარკი. გაშენებულია ვაკის რაიონის ბოლოში. მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი გამოიყო. ჩრდილოეთის მხრიდან ვაკის პარკი და ჭავჭავაძის პროსპექტი ფართო კიბის მარშებით არის დაკავშირებული. კიბე განლაგებულია პარკის მთავარ ღერძზე, რომელსაც შადრევნების მთელი კასკადი აგრძელებს. პარკის ცენტრული ღერძი ქედზე მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი დიდების მემორიალით სრულდება. პარკის ცენტრალური ნაწილი შადრევნითა და მრგვალი აუზით არის გამოყოფილი. ვაკის პარკს განსაკუთრებულ ხიბლს წითელი ქვიშა მატებს, რომლითაც მოპირკეთებულია სავალი გზები. ვაკის პარკში საბავშვო ქალაქი, ღია კინოთეატრი, კაფე-ბარები და რესტორანია განთავსებული. სამხრეთ-დასავლეთით კი პარკი მიხეილ მესხის სტადიონით ბოლოვდება

მთაწმინდა

teleporting humans

მთაწმინდა, პლატო, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი შტოქედის დაბოლოება (შედის თბილისის ფარგლებში). მისი სიმაღლე 770 მ. აგებულია ზედაეოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით. სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის – ათონის მთის მიხედვით. გადმოცემით მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას – დავითს. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, მის ადგილას 1542 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმ. დავითის მონასტერი ააშენეს. ახლანდელი ეკლესია აგებულია 1871 წელს. აქვეა მცირე ზომის ფერისცვალების ეკლესია (აგებულია 1809 წელს). ეკლესიებთან მისასვლელი გზა გაიყვანეს 1817 წელს. XIX საუკუნის დასაწყისამდე მთაწმინდა ტყით იყო შემოსილი. ახლანდელი ტყე ხელოვნურია. პლატოზე გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი (ადრე იყო ი. ბ. სტალინის სახელობის), რომელიც საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდება ქალაქს; გაყვანილია ფუნიკულიორი. მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზეა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი. მთაზე დგას სატელევიზიო ანძა.

ზოოლოგიური პარკი

teleporting humans

თბილისის ზოოლოგიური პარკი დაარსდა 1927 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდ. ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე (შემდეგ 120-მდე) ჰა მიწის ნაკვეთი. გათვალისწინებული იყო შემდეგი განყოფილებები: კავკასიის ანუ მხარეთმცოდნეობის, ყოფილი სსრკ-ის ფაუნის, ეგზოტიკური, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და სხვა.

ეროვნული პარკი

teleporting humans

თბილისის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი საქართველოში. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ნაწილობრივ თბილისისა და ქვემო ქართლის მხარის ტერიტორიაზე. ის პირველი ეროვნული პარკია საქართველოში, რომელიც შეიქმნა 1973 წელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან დაკარგა ეროვნული პარკის სტატუსი და 2007 წელს ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს ნაკრძლის ბაზაზე კვლავ შეიქმნა. თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე, რომლებიც განედურად გადაჭიმულია მდ. მტკვრიდან მდ. იორამდე, ზ.დ 600-1 700 მ სიმაღლეზე. მისი ფართობია 23 218,28 ჰა. შედგება საგურამოს, გლდანის, მარტყოფის, ღულელებისა და გარდაბნის უბნებისაგან. პარკი მდიდარია ფაუნის წარმომადგენლებით, მათ შორისაა ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 1385 მეტრზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის ეროვნული პარკი თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე დაცული ტერიტორიაა.

დინამო არენა

დინამო

ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა, ასევე უბრალოდ დინამო არენა, მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში. სტადიონი თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. თავდაპირველი ნაგებობა, რომელიც ცენტრალური სტადიონის სახელითაა ცნობილი, აიგო 1932-1935 წლებში (არქიტექტორი არჩილ ქურდიანი (უფროსი)). 1955-1956 წწ განიცადა მცირე რეკონსტრუქცია, ხოლო 1970-იანებში ძველი ნაგებობა დაანგრიეს და ააშენეს უფრო დიდი, დღევანდელი სტადიონი, რომელიც 1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა (არქიტექტორი გია ქურდიანი; კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი). აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში. მისი აგება განაპირობა თბილისის დინამოს პოპულარობის ზრდამ და გუნდის წარმატებამ. სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა დაუეფას ყველა მოთხოვნას პასუხობდა. 1995 წელს სტადიონს ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. 2006 წელს სტადიონი შეაკეთეს, გამოცვალეს დასაჯდომებიც უეფას ახალი მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც, მისი ტევადობა შემცირდა 55 000-მდე. მეორე იარუსის უმეტესი ნაწილი გადახურულია. 2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა. 2015 წელს ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი უეფა-ს სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.

მიხეილ მესხის სტადიონი

დინამო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი — ყოფილი „ლოკომოტივის“ სტადიონი, რომელიც ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 1952 წელს იური კასრაძის პროექტით 26 ათასიანი ტევადობით აშენდა. 1960წელს არენას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა (არქიტექტორები – თემურ აბაშიძე, ანრი ყურაშვილი) და 10 400 ადგილი დაემატა. 2011 წლის სექტემბრიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მატჩებში, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის „სპარტაკის“ საშინაო არენაა.

თბილისის წყალსაცავი

დინამო

თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქ. თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავლაბრის,ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ — ვიწრო. სიგრძე — 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ2. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით.

კუს ტბა

დინამო

კუს ტბა, ქორქის ტბა — ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ეგზოტექტონიკური (ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების) შედეგად. ტბაში გადაგდებულია ვარაზისხევის წყალი. გარდა ამისა კუს ტბა იკვებება წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. თევზით ღარიბია. კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ტბაზე მიყვანილია ბაგირგზა.

ლისის ტბა

დინამო

ლისის ტბა — ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთით. წყლის სარკის ფართობი 0,47 კმ2, აუზის ფართობი 16 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 4 მ, მოცულობა 1,22 მლნ. მ3. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი - შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა 28°C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.