ირაკლი ხმალაძე: ტარიფების ახალი სისტემა მთლიანად მგზავრის ნებაზეა დაფუძნებული

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სატარიფო სისტემაზე მედიასთან კიდევ ერთხელ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადახდის ახალი სისტემა მთლიანად მგზავრის ნებაზეა დაფუძნებული.

„გადახდის ახალ სისტემაში შემოვიდა ულიმიტო პაკეტები და შეიცვალა მთლიანად პროდუქტის სახეობა. აქამდე თუ იყო მეტრო და ავტობუსი, ახლა არის მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი. შემოვიდა ვადიანი ბარათები. ერთი წლიდან დაწყებული, 90 წუთით დასრულებული სხვადასხვა ფასის და ვადიანი პაკეტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მგზავრის ნებაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად აქტიურად აპირებს აბონემენტის გამოყენებას, აქტიურობის შესაბამისად განპირობებულია ფასი. თუ აქტიურია მომხმარებელი, მგზავრობის ფასი კიდევ უფრო დაბალი გამოდის. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მოხმარებაზე ორიენტირებული წამახალისებელი გადახდის სისტემა. თქვენ შეძენილი თუ გაქვთ ერთწლიანი ბარათი, ნაკლებად ჩნდება მანქანით მგზავრობის სურვილი, რადგან წინსწრებით გადახდილი გაქვთ და თქვენ უკვე დამატებით აღარ იხდით. ყოველი შემდეგი მგზავრობა თქვენთვის არის ულიმიტო და უფასო“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და მგზავრების კომფორტის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა აბონემენტის პაკეტის საბანაკო ბარათისთვის მიბმაზე. ამასთან, როგორც ვიცე-მერმა განაცხადა, არსებული მეტრომანის ბარათებით მოქალაქეები ისევ ისარგებლებენ.

ირაკლი ხმალაძემ ისიც განმარტა, რომ ახალი ბარათი გამორიცხავს რამდენიმე ადამიანის მხრიდან ერთი ბარათით სარგებლობას.

„სააბონემენტო სისტემა სიახლეა. ჩვენ ბანკებთან გვაქვს უკვე საუბარი. თქვენ იცით, რომ მგზავრობა, ასევე, საბანკო ბარათითაც არის შესაძლებელი. ამჟამად, მიდის მუშაობა იმაზე, რომ აბონემენტის პაკეტი მიებას საბანკო ბარათს. ამასაც უახლოეს პერიოდში შევძლებთ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება აბონემენტის ფიზიკურად ქონა და საერთოდ პლასტიკური ბარათის ტარება არ მოუწიოს ადამიანს. პირდაპირ საბანკო ბარათს მიაბას კონკრეტული სამგზავრო პაკეტი. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება კომფორტული გავხადოთ გადახდის სისტემა. რაც შეეხება მეტრომანების მოხმარებას, ჯერ კიდევ დარჩება, რადგან ზედ არის დარიცხული ანგარიშზე დეპოზიტი. ამ ბარათების მოხმარება მათთვის შესაძლებელი იქნება. თუ აბონემენტის შეძენა არ უნდა, შესაძლებელია, დღეს არსებული მეტრომანითაც ამის გადახდა, ასევე, საბანკო ბარათით შესაძლებელია 90-წუთიანის შეძენა, მაგრამ ახალი ცოტა გრძელვადიანი პაკეტის შეძენა ვისაც სურს, მან ეს უნდა შეიძინოს 5 იანვრიდან, როდესაც ეს სამგზავრო პაკეტები გაყიდვაში შემოვა.

ამასთან, ბარათი ერთჯერადი არ არის. ერთხელ მოუწევს ყიდვა მგზავრს და ბარათზე უკვე მუდმივად შეეძლება, დაირიცხოს სხვადასხვა პაკეტი. რაც შეეხება ორჯერ გამოყენებას, ბარათი ერთი დადებიდან 15 წუთის განმავლობაში არააქტიურ რეჟიმში გადადის, რაც გამორიცხავს იმას, რომ ერთი ბარათით რამდენიმე მგზავრმა ისარგებლოს.

ჩვენ დღეს გვაქვს შეღავათიანი ბარათების სისტემა, სადაც ანალოგიური მოდელი მუშაობს და იქაც ზუსტად იგივე შეზღუდვა არის“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ახალი სისტემის ამოქმედების პირობებში, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით ისარგებლებენ სტუდენტები, პენსიონერები და სხვა ჯგუფები.

„სტუდენტური ფასდაკლებები კვლავ იმოქმედებს. მოსწავლეებისთვისაც იქნება, ასევე, სოციალურად დაუცველებისთვის, ომის ვეტერანებისთვის. რეალურად ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების 33%, დაახლოებით, 320 000-ზე მეტი ადამიანი, არის შეღავათიანი მგზავრობის პაკეტებით მოსარგებლე. მათ შორის უფასო, 10 და 20-თეთრიანი შეღავათიანი ტარიფებით“, - განაცხადა ვიცე-მერმა. ირაკლი ხმალაძემ ოპოზიციის კრიტიკასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ პანდემიიდან გამომდინარე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძლო გაჩერების პირობებში, ვადიანი აბონემენტის მქონე მოქალაქეები თითქოს იზარალებენ. ვიცე-მერის თქმით, თუ ტრანსპორტის გაჩერების საჭიროება დადგება, მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს გაცდენილ პერიოდს სრულად აუნაზღაურებს.

„თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება მოხდება დაუგეგმავი გარემოებების გამო, მაგალითად, პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ. ოპოზიციას უნდა, რომ გაამწვავოს და ნეგატიურად მიაწოდოს საზოგადოებას ეს რეფორმა. მე შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი გაცდენილი პერიოდები დაემატება ბარათს და ეს ადამიანები არ დაკარგავენ ამ პერიოდს. უფრო მეტიც - პანდემიიდან გამომდინარე, ამაზე გაცილებით უფრო მწვავე საკითხების დარეგულირება შევძელით ბიზნესის, კერძო სექტორის და ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არც აქ მივიღებთ. მე იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება ჩვენ არ გვექნება და მომავალი წლიდან ჩვენ შეგვეძლება უკვე კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

 

 

23 დეკემბერი 2021