სამსახურის ამოცანებია უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ინსპექტირების განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.

სამსახურის ფუნქციებია:

  • სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ან/და სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებზე კონტროლი, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება;
  • სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), თბილისის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგებაზე კონტროლის დაწესება;
  • რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა.მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; არასათანადო რეკლამის განთავსებაზე (გავრცელებაზე) კონტროლი; აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელებაზე ან/და აბრის განთავსების  დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ დაცვაზე კონტროლი. აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ  დაკავების/სარგებლობის  ფაქტების გამოვლენა და კონტროლი;
  • საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის ფაქტების გამოვლენა და კონტროლი;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იერსახის დამახინჯების და თვითნებური შეცვლის ფაქტების გამოვლენა და კონტროლი;
  • გარე ვაჭრობის დადგენილი წესების, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესის ან/და რეალიზაციის წესის დარღვევისა და პლასტიკისა ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
  • ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავების,  მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსების, ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების,  ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრისა და სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის განთავსების ფაქტების გამოვლენა და კონტროლი;
  • საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული ცალკეული სამართალდარღვევების გამოვლენა და კონტროლი;
  • აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ზღვრის გადაჭარბებისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების ფაქტების გამოვლენა და კონტროლი;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებური გაჩეხვის ან/და გადატანის, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კონტროლი;
  • უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
  • საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი ზომების განხორციელება;
  • მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;
  • კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;
  • დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა;
  • თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, სამუშაოების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისი აქტის გამოცემა, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი;
  • საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, თბილისის მერისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.