კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შესაბამისი ვიდეოჩართვა დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განათავსა.
 
მისი თქმით, პირველ ეტაპზე, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო.
 
„ჩვენი მიდგომაა, ყველგან, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, პირველ რიგში, გვინდა მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება. ზოგადად, მთელი თბილისის მასშტაბით არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა ამ მხრივ. გვინდა, ეტაპობრივად ყველაფერი მოწესრიგებული და განახლებული იყოს და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურით. ეს, რა თქმა უნდა, უფრო შრომატევადი სამუშაოა, მეტი დისკომფორტია, მეტი დრო მიაქვს, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ამ სამუშაოების გარეშე ვერ ჩავატარებთ ქუჩების განახლებას. ეს იქნება ფასადური და დროებითი. ჩვენ კი გვინდა, ძირეულად მოვაწესრიგოთ ქუჩები და გამზირები არსებული რეაბილიტაციის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
 
ადგილზე თბილისის მერთან ერთად, იმყოფებოდა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რომლის განმარტებით, ამ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ წყალარინების 1 000 მმ-იან ქსელს აწყობს. მისივე თქმით, სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია.
 
„მიუხედავად იმისა, რომ ვარაზისხევიდან, დაახლოებით, 800 მეტრი მონაკვეთია, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, მთლიანობაში მოწყო 5 კმ-მდე ქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო კომუნიკაცია, მაგალითად წყალი, წყალარინების ქსელი ქუჩის ორივე მხარეს გადის. მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები უკვე დასასრულისკენ მიდის. 1 000 მმ-იანი ქსელის მოწყობა ჭოველიძის ქუჩიდან თბილისის საკონცერტო დარბაზამდე დასრულდება და დაიწყება საასფალტე სამუშაოები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
 
გარდა ამისა, მისივე თქმით, საფუძვლიანად უნდა მოწესრიგდეს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც უხვი ნალექის დროს წყალი ჩადის.
ამასთან, მერის მოადგილის განმარტებით, სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარებზეც, ხოლო ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება.
 
„როგორც აღვნიშნე, წყლის, წყალარინების, გაზმომარაგების, სანიაღვრე ქსელის სამუსაოები დასასრულს უახლოვდება და უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ საგზაო ნაწილის სამუშაოები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
 
როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტაცია დაიწყება თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე იმ საგზაო მონაკვეთზე, რომელზეც ამჟამად  ავტომობილებები გადაადგილდებიან.
 
მისივე თქმით, პროექტი ძალიან მასშტაბურია და მოიცავს ახალი ფილების დაგებას,  ლედ სანათების დამონტჟებასა და გამწვანების სამუშაოების ჩატარებას.

12 აგვისტო 2022