„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით, საზეიმო მიღება გაიმართა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას კახა კალაძემ სიტყვით მიმართა და დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - „თბილისობა 2022“ მიულოცა.

დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი წარმატებული ადამიანები გვყავს. ადამიანები, რომელებიც ყოველდღიურად ემსახურებოდნენ და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას, რომელიც არ არის მხოლოდ ქალაქის დღე. ეს დღესასწაულია, სადაც ყველაზე კარგადაა გამოხატული თბილისის ხასიათი - მრავალფეროვნება, სიჭრელე და მიზანდასახულობა, იყოს მუდამ გამორჩეული, განვითარებული ქალაქი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი. მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქის აღმშენებლობა განვაგრძოთ. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ხელი შეგვიშალოს ამ უდიდესი კულტურის მქონე ქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზეიმო მიღებაზე დედაქალაქის მერმა, ასევე, თბილისის 2022 წლის 20 საპატიო მოქალაქე დააჯილდოვა და მათ ქალაქის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა,

„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მედიის წარმომადგენლები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

03 ოქტომბერი 2022