ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის გამო, 7 ნოემბერიდან 20 ნოემბრამდე, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება გმირთა მოედნისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გმირთა მოედნიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ვარაზისხევისა და ილია ჭავჭავაძის გამზირის გამოყენებით, ხოლო ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილამდე ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გამოყენებით.

მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ „მზიურის“ პარკამდე, „მზიურის“ პარკიდან ნინო რამიშვილის ქუჩამდე კი ავტომობილები იმოძრავებენ ორმხრივად.

06 ნოემბერი 2023