თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.

ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი მოხდა.

გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სახელმწიფო მიწების უკანონოდ დაკავების შემთხვევებმა და მასზე უნებართვოდ სხვადასხვა ფუნქციის შენობების აშენებამ, რომელიც ხორციელდება ორგანიზებული ჯგუფების მიერ, კანონის სრული დარღვევით, ფინანსური სარგებლის მისაღებად.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც ჰპირდებიან მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას, რომ არ მიიღონ ფინანსური ზარალი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.

06 დეკემბერი 2023