კახა კალაძემ იტალიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

თბილისის მერმა კახა კალაძემ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მასიმილიანო დ’ანტუონოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მერმა საქართველოსა და იტალიას შორის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა ელჩს იტალიის მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„მოგეხსენებათ, რამდენად კარგი ურთიერთობაა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს კიდევ უფრო მეტი რესურსი, ეს ურთიერთობები გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ. მე, პირადად, მზად ვარ ამისთვის, მით უმეტეს, რომ იტალიასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და სიყვარული მაკავშირებს. 2022 წელს ვიზიტით გახლდით რომში და შევხვდი დედაქალაქის მერს, სადაც ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ასევე, აღსანიშნავია, რომ პალერმო თბილისთან დაძმობილებული ქალაქია. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ურთიერთობები ადგილობრივ დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, სულ მალე წერეთლის გამზირზე პალერმოს სახელობის სკვერი გაიხსნება.

იტალიის ელჩმა სრული მზაობა გამოთქვა თბილისის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

07 თებერვალი 2024