ქუჩის ხელოვნების კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

3 აპრილიდან 30 აპრილამდე, ქუჩის ხელოვნების, (ე.წ. სტრიტ არტის) კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის თბილისის მერია განაცხადების მიღებას იწყებს.

ქუჩის ხელოვნების მიმართულებით დაფინანსებას დაექვემდებარება ისეთი სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც:

ხაზს გაუსვამს ქალაქის იდენტობას, წარმოაჩენს ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კულტურას, ასევე გაითვალისწინებს უცხოურ გამოცდილებას;

ხელს შეუწყობს ქალაქში ახალი ტურისტული წერტილების შექმნას და ახალგაზრდების დაინტერესებას ხელოვნებით;

მიმართული იქნება სოციალური საკითხების დაფიქსირებისკენ.

დაფინანსებას არ ექვემდებარება:

პროექტები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანომდებლო აქტებით განსაზღვრულ კანონდარღვევებს, დისკრიმინაციულ, შეურაცხმყოფელ ვიზუალურ ან ტექსტურ შინაარსს.

განაცხადის წარდგენა შეუძლია:

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს.

პროექტებს განიხილავს და აფასებს შესაბამისი პროექტების განმხილველი კომისია, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღეში და იღებს სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პროექტი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრისა.

განმცხადებელს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი განაცხადი, რომელშიც მითთებული იქნება მონაწილე არტისტების ვინაობა, თანდართული იქნება შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ესკიზები; სამუშაო კედლის ან სხვა შესაბამისი სივრცის 3-4 ფოტო, საკადასტრო კოდი და მფლობელის ან ამხანაგობის თანხმობის წერილი.

თუ სივრცეს კონკრეტული მფლობელი არ გააჩნია, სამსახური უფლებას იტოვებს, შეათანხმოს საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოსთან.

განსახილველად ატვირთული დოკუმენტაცია და ვიზუალური მასალა უკან არ ბრუნდება. სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განაცხადთან (პროექტთან) დაკავშირებით, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია/ვიზუალური მასალა.

გამარჯვებული აპლიკანტის მიერ საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორება ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების საბოლოო ვადას.

03 აპრილი 2024