თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლი და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და 12 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე www.dasakmdi.ge.
პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა.
პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 70-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში.
მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, წელს დაემატება 10 ახალი პროგრამა, მათ შორის, ბრენდდიზაინის შემსწავლელი კურსი, ინტერიერის დიზაინის შემსწავლელი კურსი, კიბერუსაფრთხოების საფუძვლების შემსწავლელი კურსი, ადამიანური რესურსების მართვის შემსწავლელი კურსი, IT პროექტების მართვისა და ანალიზის შემსწავლელი კურსი, კერამიკული ნაკეთობის დამზადების შემსწავლელი კურსი, კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული პრობლემების ტექნიკოსის საქმიანობის შემსწავლელი კურსი და ა.შ.
ამ ეტაპზე 1 000-ზე მეტი მოქალაქე გაივლის მომზადება/გადამზადებას 70-ზე მეტ სასწავლო კურსზე შემდეგ კოლეჯებში: სსიპ „კოლეჯი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, სსიპ კოლეჯი „სპექტრი", ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“, სსიპ კოლეჯი „მერმისი", ა(ა)იპ „საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“, სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, ა(ა)იპ „პროჯექტ ფოლი პო/Project Folie Po", ა(ა)იპ „ედუსითი გეო”, ა(ა)იპ „ფანტასმაგორია“, ა(ა)იპ „ფიზიკური მომზადების და ფიტნესის აკადემია“, ა(ა)იპ „სქილ ლაბი“.
ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი. კურსების ხანგრძლივობა ერთიდან შვიდ თვემდეა. სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით.
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
