შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრობის კანდიდატთა განცხადებების მიღების ვადა გახანგრძლივდა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრთა შერჩევის მიზნით, განცხადებების მიღების ვადა 26 აპრილამდე გაგრძელდა.

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, როგორც მერის სათათბირო ორგანო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებზე მსჯელობს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირებს უნდა ჰქონდეთ შშმ პირებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, კანდიდატი ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორში, საზოგადოებრივ ინიციატივებში ან სახელმწიფო პროგრამებში, რომლებიც შშმ პირთა უფლებებსა და კეთილდღეობას უკავშირდება. უპირატესობა მიენიჭებათ პირებს, რომელთაც შესაბამისი განათლება და გამოცდილება აქვთ ან სოციალური პოლიტიკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ადვოკატირების, მათი თანაბარი ხელმისაწვდომობის მიმართულებით კვლევით საქმიანობაში მონაწილეობდნენ. საბჭოს საქმიანობა ეფუძნება გუნდური მუშაობის პრინციპებს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კანდიდატს კოლეგიალური კომუნიკაციის, საქმიანობაში აქტიურობის, მათ შორის, ინიციატვებისა და რეკომენდაციების შემუშავების კარგი უნარი ჰქონდეს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) რეზიუმე (CV); დ) სამოტივაციო წერილი; ე) საბჭოს საქმიანობის ხედვა და სამუშაო გეგმა; ვ) შშმ პირთა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორი   ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომელთაც მუშაობის მინიმუმ სამწლიანი   გამოცდილება აქვთ.

საბჭოს წევრების შერჩევა მოხდება ღია, გამჭვირვალე წესით, რასაც წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასება ითვალისწინებს. საბჭოს წევრი სამი წლის ვადით ინიშნება.

დაინტერესებულ პირებს დოკუმენტების წარდგენა შეუძლიათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ჟ. შარტავას ქ. N7-ში ან თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (რაიონულ გამგეობაში).

22 აპრილი 2025