ვაკის რაიონში, წყნეთის ტყე-პარკში კომბინირებული დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ვაკის რაიონში, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებული დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის განახლება მიმდინარეობს.

სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ეს პროექტი, დაახლოებით, 6-7 წლის წინ განვახორციელეთ. დღეის მდგომარეობით კი განსაკუთრებით ატრაქციონები და საფეხბურთო მოედანი საჭიროებდა განახლებას. ტერიტორიას დაემატება გასართობი ზონები ბავშვებისთვის, ასევე, მწვანე სივრცეები. დაახლოებით, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ დასვენებას, გართობას, განტვირთვას. მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საპარკო კულტურა შემოვიდა ქალაქში. შესაბამისად, ყველა რეაბილიტირებული სკვერი თუ პარკი სავსეა სხვადასხვა თაობის ადამიანით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორიაზე, რომელიც 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი საპარკო ავეჯის, დასასვენებელი პავილიონის, ორი ფიტნეს ზონისა მონტაჟი. დასასვენებელი სივრცის გარშემო უკვე დამონტაჟდა დეკორატიული ღობე.

პროექტის ღირებულება 1 000 000 ლარს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ადგილზე მერთან ერთად ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ასათიანი იმყოფებოდნენ.

 

12 ოქტომბერი 2026