თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მდინარე ხევძმარას კალაპოტში მდებარეობს, სადაც ზედაპირული წყლები ღია კალაპოტში მიედინება.

„გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩა N58-ის მიმდებარედ არსებული ღია ხევის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით, რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია მდინარე ხევძმარას კალაპოტში მდებარეობს, სადაც ზედაპირული წყლები ღია კალაპოტში მიედინება. არსებული მდგომარეობა გარკვეულ რისკებს ქმნის როგორც მიმდებარე ინფრასტრუქტურის, ისე ტერიტორიის უსაფრთხოების თვალსაზრისით. სპეციალისტების მიერ საკითხი დეტალურად იქნა შესწავლილი და არსებული რისკები შეფასდა. კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ღია ხევის დახურულ კოლექტორში მოქცევა აუცილებელია წყლის ნაკადების უსაფრთხოდ მართვისთვის, ინფრასტრუქტურის დასაცავად და მოსაწესრიგებლად“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, ღია ხევის ადგილზე მოეწყობა 200 მეტრი სიგრძის რკინაბეტონის დახურული სანიაღვრე კოლექტორი, რაც უზრუნველყოფს ზედაპირული წყლების უსაფრთხო და ორგანიზებულ გატარებას. ასევე, მოწესრიგდება ხევის ირგვლივ არსებული ტერიტორია და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გახდება უსაფრთხო.

გარდა ამისა, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ვაკის რაიონში, ვლადიმერ გაბაშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ვერეს ხეობასთან ახლომდებარე ამ ორი საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გახდა პრევენციული ღონისძიებების გატარება და ფერდის გამაგრება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული და გეოლოგიური რისკების მართვა მოხდეს. პირველ ეტაპზე, ფერდზე არსებული ძველი და დაზიანებული კედლის დემონტაჟი ხორციელდება. მის ნაცვლად აშენდება რკინაბეტონის ხიმინჯოვანი კედლები. ასევე, ფერდზე მოეწყობა დამცავი ბადე. ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის აცილებას და ხელს შეუწყობს ფერდის სტაბილურობის შენარჩუნებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„ყველგან, სადაც რეაბილიტაციის მიზნით შევდივართ, პირველ რიგში, მიწის ქვემოთ არსებულ ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშიa. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი. ასევე მოწესრიგდება საფეხმავლო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და გრუნტის დამჭერი მონოლითური კედლები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. კერძოდ, ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურა რეაბილიტირდება.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მე-2 კვარტალში, N7 და N7ა კორპუსების მიმდებარედ, სადაც ე.წ. სოფიას სკვერის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში, 3 400 კვ.მ ფართობზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე, დასასვენებელი პავილიონი და დამონტაჟდება საპარკო ავეჯი. ამასთანავე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდება. 2017 წლიდან განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მწვანე სივრცეების მოწყობისა და რეაბილიტაციას. დაეტყო კიდეც თბილისს სიმწვანე, რაც ძალიან უხდება ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დიდუბეში, კოსმონავტების სანაპიროს N45ბ-ს მიმდებარედ ეწყობა საზოგადოებრივი სივრცეც. პროექტი ასევე ითვალისწინებს 20-მდე ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცის მოწყობას, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა.

დედაქალაქის მერის თქმით, ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, გამწვანებული ზონები და განთავსდება საპარკო ინვენტარი.

13 ოქტომბერი 2026