თბილისის მერიის განცხადება

გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტში არ შემოსულა.

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში შემოსულია განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება.

თუმცა, განცხადებასთან ერთად არ არის წარმოდგენილი განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, არც საპროექტო წინადადება, განმარტებითი ბარათი და განვითარების ესკიზური ვარიანტი, რომელიც შემდგომში დამატებით უნდა განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ.

შესაბამისად, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი არ განიხილავს არც განცხადებას და მით უფრო, რაიმე სახის სამშენებლო პროექტს.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, დაეყრდნონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას, ნუ ავრცელებენ ტყუილს და ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში.

28 ოქტომბერი 2026