თბილისის მერიამ დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დაიწყო

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია, რომელიც შეისწავლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, დაინტერესებულ პირთა განცხადებებს/წინადადებებს.

რომელი ობიექტი მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად:

დაუმთავრებელ მშენებლობად მიიჩნევა ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის 1 იანვრამდე და ამასთან, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული. (დასრულებულად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა).

გარდა ამისა, მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი ობიექტების დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნევის შესახებ, რომლებზეც დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა (ამ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი მიმართავს ქალაქ თბილისის საკრებულოს).

ვის შეუძლია განაცხადის წარმოდგენა: დაინტერესებულ პირს, რომელიც არის პირვანდელი მესაკუთრე/დამკვეთი. ასევე, ნებისმიერ პირს, რომლის კანონიერი ინტერესი დასტურდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე საერთო/თანაზიარი უფლების/ინტერესის სახით.

განაცხადის შემოტანის წესი: დაინტერესებული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს განცხადებით (იხ. განაცხადის ფორმა), რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა;

თუ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ან უნდა განთავსდეს ობიექტი ან მისი ნაწილი, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია, ასევე, აუცილებელია განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება (ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

ბ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტილება;

გ) ფოტოსურათები და აეროფოტო;

დ) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა (კონსტრუქციის არსებობის შემთხვევაში);

ე) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნა (განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების არსებობის შემთხვევაში);

ვ) ინფორმაცია იმ ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ, რომელსაც ითხოვს დაინტერესებული პირი (აღნიშნული ინფორმაციის სრულყოფილი მოწოდებისთვის შეავსეთ განაცხადის შესაბამისი ველი);

ზ) სხვა დამატებითი მასალა, დოკუმენტები, რომელსაც დაინტერესებული პირი მიიჩნევს მნიშვნელოვნად.

შენიშვნა: თუ სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის რომელიმე საქალაქო სამსახურში (არქიტექტურის სამსახური, ურბანული სამსახური) განაცხადის გაკეთების ეტაპზე მიმდინარეობს საქმისწარმოება, სადაც უკვე შემოტანილია რომელიმე სავალდებულო დოკუმენტი, კონკრეტული დოკუმენტის ხელახლა წარმოდგენა არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ მოქმედი განაცხადის ნომერი.

თ) საჭიროების შემთხვევაში კომისიამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

ვადები: დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართოს 2020 წლის 30 მაისამდე.

განცხადების განხილვის პროცესი:

I ეტაპი: მერიაში შემოსულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას შეისწავლის კომისიის აპარატი (არასრულად ან ხარვეზით წარმოდგენილი განცხადების/დოკუმენტაციის შემთხვევაში აპარატი აცნობებს განმცხადებელს).

II ეტაპი: კომისია განიხილავს მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილ განცხადებებს; ამზადებს შესაბამის დასკვნას/რეკომენდაციას, რომელსაც წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად.

III ეტაპი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა მიღებულ გადაწყვეტილებას ათანხმებს საკრებულოსთან (გარდა, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებისა).

განმცხადებელს გადაწყვეტილება ეცნობება წერილობით.

დამატებითი ინფორმაცია და კონსულტირება:

წინასწარი და შემდგომი კონსულტაციებისთვის მიმართეთ კომისიის აპარატს. 1. ცხელი ხაზის საშუალებით; 2. ელფოსტაზე: li.burduli@gmail.com

 

განაცხადის ფორმა

02 ივლისი 2019