საჯარო განხილვა კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზე „B“ არეალების განვითარების გეგმის თაობაზე

2019 წლის 15 მარტს დამტკიცებული ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში განისაზღვრა 11 პირველი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალი. ამ არეალებიდან ერთ-ერთია კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიები, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 2277 ჰექტარს.

ტერიტორიის ფარგლებში მოქცეულია სოფელი ოქროყანა, შინდისი, წავკისი, ტაბახმელა და კოჯორი. აღნიშნული საკვლევი და საპროექტო არეალები მდებარეობს ქალაქ თბილისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების კალთაზე. მითითებული ტერიტორიები 2007 წლიდან ექვემდებარება თბილისის მუნიციპალიტეტს და შედის მთაწმინდის რაიონში.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული არის A და B არეალები. ამ ეტაპისთვის, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა შეისწავლა და დააგეგმარა B არეალები.

საპროექტო B1 ტერიტორია (47,8 ჰა) მდებარეობს სოფელ ტაბახმელას აღმოსავლეთ ნაწილში, მას ჩრდილოეთით ესაზღვრება შავნაბადას ქუჩა, ხოლო სამხრეთ ნაწილში თამარ მეფის ქუჩა და ციცაბო მთის ფერდობი.

საპროექტო B2 ტერიტორია (188,42 ჰა) მდებარეობს სოფელ წავკისის სამხრეთ ნაწილში, მას სამხრეთით ესაზღვრება თბილისი-კოჯორის გზა, აღმოსავლეთით იუნკერთა ქუჩა, ხოლო ჩრდილოეთით სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები.

საპროექტო ტერიტორიების დაგეგმარების მიზანს წარმოადგენდა მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემოს ფორმირება, რადგან ეს ტერიტორიები ძირითადად გაუნაშენიანებელია და ხასიათდება ქაოსურად დარეგისტრირებული, შეუსაბამო მიწის ნაკვეთებით, რომელთა უმეტესობაც არ არის უზრუნველყოფილი მისასვლელი გზით, სოციალური და საინჟინრო ინფრასტრუქტურით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზე ქალაქის გაუაზრებელი იმპულსური განვითარება წლების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება ქალაქს, ხელს უშლის და საფრთხის ქვეშ აყენებს თბილისის მდგრად განვითარებას და საჭიროებს შესაბამის რეაგირებას.

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა შეისწავლა გაუნაშენიანებელი საცხოვრებელი ზონების უდიდესი ნაწილი და ამ ეტაპზე მოამზადა პირველადი საპროექტო გადაწყვეტები (იხილეთ დანართები). კერძოდ: აღნიშნულ ტერიტორიებზე დაიგეგმა ქუჩათა ქსელი, საინჟინრო ინფრასტრუქტურის ძირითადი ქსელი, სოციალური და საჯარო სივრცეები, განისაზღვრა კონკრეტული გეგმარებითი არეალები და მათი სამშენებლო განვითარების სპეციალური პირობები.

საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საჯარო განხილვამდე, არანაკლებ, 30 დღით ადრე გაეცნონ დოკუმენტს, ხოლო გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება, დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები, რომელსაც წარმოადგენენ, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე: urban@tbilisi.gov.ge
წარმოდგენილი პოზიციების მიხედვითაც დაიგეგმება შეხვედრის თემატიკა და განსახილველი საკითხები.

მოქალაქეებს, რომლებიც ამ პერიოდში დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი პასუხები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან.

საჯარო გახილვა B არეალების განვითარების გეგმის თაობაზე გაიმართება მიმდინარე წლის 22 თებერვალს, 15:00 საათზე, სოფელ ტაბახმელაში, 213-ე საჯარო სკოლაში, მისამართზე: გუმბათების წყაროს ქ. N1, შესახვევი N5.

 

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე “B” არეალზე მიწის ნაკვეთების განვითარების სპეციალური პირობები და მიწის ნაკვეთების რეორგანიზების სქემის განხილვისა და შეთანხმების პირობები და პროცედურა

B არეალის განვითარების გეგმა 

B არეალის განვითარების გეგმა - პრეზენტაცია

27 იანვარი 2020