მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მესამე ეტაპი იწყება

მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება. პროგრამის მესამე ეტაპში მონაწილეობისთვის განაცხადები 2 ნოემბრიდან - 12 ნოემბრის ჩათვლით მიიღება.

აღნიშნულ პროგრამას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომელიც გასულ წელს დაიწყო და უკვე 80 - მდე მეწარმე დაფინანსდა. თანადაფინანსების ჯამურმა მოცულობამ მილიონ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი და თითოეული ბენეფიციარისთვის განსაზღვრული დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარიდან - 50 000 ლარამდე გაიზარდა, რაც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას შეიძინონ საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა, გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი და გაზარდონ წარმოების მასშტაბი.

პროგრამის პირობები გაუმჯობესდა და კიდევ ერთი სიახლე შეემატა. თუ წინა ეტაპზე ფინანსდებოდა საწარმო, რომლის წლიური შემოსავლის ზედა ზღვარი 500 000 ლარი იყო, ახლა პროგრამით სარგებლობა 1 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებსაც შეუძლიათ. ეს უფრო მეტ ბიზნესს მისცემს დაფინანსების შესაძლებლობას .

თბილისის მერიის მიერ თანადაფინანსება შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 5 000 ლარის ჩათვლით - 90%
  • 5 001 -დან – 20 000 ლარის ჩათვლით 85%
  • 20 001-დან - 30 000 ლარის ჩათვლით 80%
  • 30 001 ლარიდან - 70%

თითოეული საწარმოს მაქსიმალური დაფინანსება - 50 000 ლარი.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებსაც საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო დანადგარების, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიის შეძენა სურთ.

აუცილებელი მოთხოვნები:

• ბოლო ორი წლის მანძილზე მეწარმის წლიური შემოსავალი არ უნდა შეადგენდეს ერთ მილიონ ლარზე მეტს;

• მეწარმე არ უნდა ფიქსირდებოდეს მოვალეთა რეესტრში;

  • არ ფინანსდება მომსახურება და სწრაფი კვება.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობა
  • რეესტრის ამონაწერი (განახლებული განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე)
  • თბილისში საქმიანობის დადასტურება
  • ცნობა საგადასახადო დავალიანების და შემოსავლების შესახებ
  • დასაფინანსებელი ობიექტის სამი სხვადასხვა მწარმოებლის ინვოისი

განაცხადის ფორმა 

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა - ხშირად დასმული კითხვები 

 

 



02 ნოემბერი 2026