თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის. თქვენი იდეა შეიძლება რეალურ ცვლილებად იქცეს.
გაეცანით პირობებს და წარადგინეთ იდეა ელექტრონულ ფოსტაზე - ideacompetition@tbilisi.gov.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - 2026 წლის 31 ოქტომბრის 17:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995) 555 90 02 81
რომელი ქუჩები და საჯარო სივრცეები შედის საკონკურსო არეალში?
გიორგი ცაბაძის ქუჩა;
თევდორე მღვდლის ქუჩა;
ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა;
კოტე ფოცხვერაშვილის ქუჩა;
ნიკო ფიროსმანის ქუჩა;
გიორგი ჩიტაიას ქუჩა;
არნოლდ ჩიქობავას ქუჩა;
ივანე ჯავახიშვილის ქუჩა;
დიმიტრი უზნაძის ქუჩა;
უშანგი ჩხეიძის ქუჩა;
მარჯანიშვილის ქუჩა და მოედანი;
დავით აღმაშენებლის გამზირი;
ზაარბრიუკენის მოედანი;
თამარ მეფის გამზირის შესაბამისი მონაკვეთი;
ლონდონის სკვერის მიმდებარე ტერიტორია.
კონკურსის ფარგლებში შეიძლება განიხილებოდეს აღნიშნულ სივრცეებთან დაკავშირებული გაჩერებები, გადასასვლელები, სკოლების მიმდებარე ადგილები და მცირე საჯარო სივრცეები, თუ მას საკონკურსო არეალთან მკაფიო ფუნქციური კავშირი აქვს.

ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, პირთა ჯგუფს ან ორგანიზაციას. მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად, ჯგუფურად ან ორგანიზაციის სახელით.
18 წლის ან უფროსი პირი კონკურსში დამოუკიდებლად მონაწილეობს. 18 წლამდე პირის მონაწილეობა შესაძლებელია მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით.
რა ტიპის იდეების წარდგენა შეიძლება?
კონკურსში შეგიძლიათ წარადგინოთ მცირე მასშტაბის, პრაქტიკული და განხორციელებადი იდეა, რომელიც ადგილობრივ საჭიროებებს პასუხობს და ხელს უწყობს გადაადგილების ან საჯარო სივრცით სარგებლობის გაუმჯობესებას.
ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებები საორიენტაციოა. შეგიძლიათ სხვა იდეაც წარადგინოთ, თუ ის შეესაბამება კონკურსის მიზნებს და ქმნის საზოგადოებრივ სარგებელს.
იდეა შეიძლება მოიცავდეს:
ქუჩისა და ქვეითთა უსაფრთხოების გაუმჯობესებას;
ფეხით, ველოსიპედით ან სხვა არამოტორიზებული საშუალებით გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას;
საზოგადოებრივ ტრანსპორტთან უკეთეს წვდომასა და სხვადასხვა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობას;
საჯარო სივრცის კომფორტისა და ხარისხის გაუმჯობესებას, გამწვანებას, საორიენტაციო ნიშნებს ან მნიშვნელოვანი ადგილების მიმდებარე გარემოს მოწესრიგებას.
რა ტიპის იდეები არ განიხილება?
კონკურსის ფარგლებში არ განიხილება წინადადებები, რომლებიც:
მოითხოვს კომპლექსურ ან ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს;
ძირითადად, კერძო ან კომერციულ ინტერესს ემსახურება;
არ უკავშირდება საკონკურსო ტერიტორიასა და კონკურსის მიზნებს;
სცდება კონკურსის ვადებს, ბიუჯეტს ან განხორციელების შესაძლებლობებს;
იმეორებს უკვე დაგეგმილ ან დაფინანსებულ ღონისძიებებს.
საკონკურსო ეტაპები:
1. პირობებისა და რუკის გაცნობა
კონკურსის წესები • საკონკურსო რუკა • საინფორმაციო შეხვედრები;
2. საწყისი იდეის წარდგენა
ოფიციალური განაცხადის ფორმის შევსება და გაგზავნა;
3. მიღების დადასტურება და შემოწმება
წერილობითი შეტყობინება • განაცხადის პირობებთან შესაბამისობის შემოწმება;
4. იდეის დაზუსტება
საკონსულტაციო მხარდაჭერა • იდეის განვითარება;
5. საბოლოო განაცხადის წარდგენა
დაზუსტებული იდეის მომზადება და ოფიციალური ფორმით წარდგენა;
6. შეფასება და ონლაინ ხმის მიცემა
წინასწარ გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიხედვით შეფასება • საზოგადოების ხმა;
7. საბოლოო გადაწყვეტილება
შერჩევითი კომისიის ოფიციალური დადასტურება • შედეგების გამოცხადება.
შენიშვნა: განაცხადის მიღების შეტყობინება ადასტურებს მხოლოდ მის მიღებას. შემდგომ ეტაპზე გადასვლა არ ნიშნავს იდეის ავტომატურ შერჩევას ან განხორციელებას. საზოგადოების ონლაინ ხმის მიცემის შედეგი საბოლოო შეფასების ერთ-ერთი ნაწილია.
როგორ შეფასდება იდეები?
საბოლოო განაცხადები შეფასდება ექვსი კრიტერიუმის მიხედვით. პროცენტი აჩვენებს თითოეული კრიტერიუმის წილს საერთო შეფასებაში.
- კონკურსის მიზნებსა და ტერიტორიასთან შესაბამისობა - 20%
რამდენად უკავშირდება იდეა საკონკურსო არეალს, აუმჯობესებს ურბანულ გარემოს და შეიძლება მომავალში სხვა ადგილებშიც იქნეს გამოყენებული.
2. უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა და საზოგადოებრივი სარგებელი - 20%
რამდენად პასუხობს იდეა რეალურ ადგილობრივ საჭიროებას და ქმნის სარგებელს ტერიტორიის მცხოვრებლებისა და სხვა მომხმარებლებისთვის.
3. ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობა - 20%
რამდენად რეალისტურია იდეის ტექნიკური დამუშავება და გონივრულ ვადაში განხორციელებისთვის მომზადება.
4. ინკლუზიურობა - 10%
რამდენად ითვალისწინებს იდეა სხვადასხვა მომხმარებლის, განსაკუთრებით გადაადგილებისას დამატებითი ბარიერების მქონე ადამიანების საჭიროებებს.
5. ხარჯების რეალისტურობა - 15%
რამდენად შეესაბამება იდეის მასშტაბი კონკურსისთვის განსაზღვრულ განხორციელების ბიუჯეტს.
6. საზოგადოების ონლაინ ხმის მიცემა - 15%
რამდენად მაღალია ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მხარდაჭერა იდეის მიმართ.
როგორ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება?
საბოლოო განაცხადებს შეფასების კომისია წინასწარ გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. კომისიის შეფასება საერთო ქულის 85%-ს შეადგენს, ხოლო საზოგადოების ონლაინ ხმის მიცემის შედეგი - 15%-ს.
ამ მონაცემების გაერთიანებით დგინდება იდეების საბოლოო ქულები და რეიტინგი. შემდეგ შერჩევითი კომისია განიხილავს შეფასების შედეგებს, იდეების ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობას, ბიუჯეტთან შესაბამისობას და ოფიციალურად ადასტურებს გამარჯვებულ იდეებს.
შენიშვნა: საზოგადოების ხმა გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე, თუმცა გამარჯვებულს მხოლოდ ონლაინ ხმის მიცემა არ განსაზღვრავს.
ჯილდო
გამარჯვებული იდეების ავტორებს ან ავტორთა ჯგუფებს, მათი წვლილის აღიარების მიზნით, გადაეცემათ არაფულადი ჯილდოები. კონკურსი არ ითვალისწინებს ფულად ჯილდოს.
ეს მასალა მომზადებულია პროექტის „მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ (SUM-Tbilisi) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA). პროექტი ხორციელდება გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, KfW განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია TUDA და მასში წარმოდგენილი ინფორმაცია და მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს KfW განვითარების ბანკის ოფიციალურ პოზიციას.
იდეების-კონკურსი-მონაწილეთა სახელმძღვანელო და განაცხადის მომზადების ინსტრუქცია.
განაცხადის წარდგენამდე გადასამოწმებელი სია.
საწყისი იდეის განაცხადის ფორმა
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და თანხმობის ფორმა
საჩივრის, ზოგადი უკუკავშირის და ერთჯერადი გადახედვის
მოთხოვნის ფორმები
საწყისი იდეის განაცხადის ფორმა - https://forms.gle/tp8AWSbrdNajoXYDA
საბოლოო განაცხადის ფორმა - https://forms.gle/EeBjjMU3BYgHRKcL8
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და თანხმობის ფორმა - https://forms.gle/NMTMGjdbhNe2S93EA
საჩივრის, ზოგადი უკუკავშირის და ერთჯერადი გადახედვის მოთხოვნის ფორმები - https://forms.gle/dN1xsSuXJh9a3T4z8