თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხოლო შეზღუდვების პერიოდში გაუქმდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი

თბილისის მერია პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება, ხოლო ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი დროებით გაუქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების პროდუქტებით მომარაგებისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.

„იცით, რომ ხვალიდან, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ქალაქების წერტილოვანი შეზღუდვა არის გადაწყვეტილი, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ჩვენ გამოვნახეთ საშუალება და გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი იმისთვის, რომ საკვები პროდუქტებით დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს.

როდესაც პანდემიის პირველი ტალღა გვქონდა ქვეყანაში, ამ მიდგომით ძალიან ბევრ ოჯახს დავეხმარეთ, რათა მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა მათი მდგომარეობა. ამჯერადაც, წინასაახალწლო დღეებში, ანალოგიურად უზრუნველვყოფთ მოხუცებს, რომლებიც ყველაზე მეტად შედიან რისკ-ჯგუფებში და მათ არ აქვთ შესაძლებლობა გამოვიდნენ და შეიძინონ საკვები პროდუქტები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ამ მიზნით ამჯერადაც შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, რომელშიც ბიზნეს-სექტორი ჩაერთვება.

„ძალიან ბევრი ზარი შემოდის ბიზნეს-სექტორიდან და გამოთქვამენ მზადყოფნას ამ პროცესში ჩართულობისა და დახმარებისთვის. ჩვენ, როგორც პანდემიის პირველ ეტაპზე, ახლაც ვქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც ყველა ადამიანს, ყველა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელს, ვისაც აქვს სურვილი, ყველანაირ შესაძლებლობას მივცემთ, რომ ჩაერთოს ამ წამოწყებაში.

მინდა მოვუწოდო გამგეობებს, გამგეობების ყველა თანამშრომელს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, დავიწყოთ ამ პროგრამის განხორციელება და უზრუნველვყოთ საკვები პროდუქტით ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების გამო, შეზღუდვების პერიოდში გაუქმდება ზონალურ-საათობრივ პარკირებისთვის დადგენილი გადასახადი.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია დახმარებების პაკეტზე, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის პერიოდში მოქალაქეთა ხელშეწყობის მიზნით.

27 ნოემბერი 2020