კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერში სანიტარიული ჭრის სამუშაოები ჩატარდება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერში სანიტარიული ჭრის სამუშაოებს იწყებს. აღნიშნული სამუშაოები სკვერში არსებულ ვერხვის სახეობის (Populus deltoides) დაავადებულ, ხმობად და ზეხმელ ხეებზე ჩატარდება.

ტერიტორიაზე არსებული ხეების მდგომარეობა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ექსპერტებმა შეისწავლეს. სამუშაოები იმპულსური ტომოგრაფიის საშუალებით, შერჩევით, ხის ღეროს სხვადასხვა სიმაღლეზე ჩატარდა.

კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ტერიტორიაზე არსებული დიდტანოვანი ვერხვების ნაწილი არ ექვემდებარება განკურნებას. შესაბამისად, საჭიროა სანიტარიული ჭრებისა და სხვლა-ფორმირების სამუშაოების განხორციელება.

სანიტარიულ ჭრას, რომელიც 18 აპრილს დაიწყება, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერისა და კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.

12 აპრილი 2023