თბილისის მერიაში მდინარე ვერეს ხეობის სივრცით-ტერიტორიული განვითარების კონცეფცია წარმოადგინეს

თბილისის მერიაში მდინარე ვერეს ხეობის სივრცით ტერიტორიული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. გამარჯვებულმა კომპანია შპს „არქიტექტურულმა ბიურომ“, რომელმაც მდ. ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებაზე გამოცხადებულ კონკურსში დედაქალაქის მერიას საუკეთესო წინადადება წარუდგინა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს მდინარე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საპროექტო წინადადებაში გაწერილი ხედვები და რეკომენდაციები გააცნო. 

კონცეფციის თანახმად, მდ. ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.  

გეგმის თანახმად, მდინარე ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი 20 000 მ2 ტერიტორიაზე მოეწყობა და მასში საკონფერენციო-სასემინარო დარბაზები, არაფორმალური სამეცადინო სივრცეები, ბიბლიოთეკა და სტუდენტური სასადილო განთავსდება. 

კონცეფციით გათვალისწინებულ სპორტულ კომპლექსში „მზიურის“ ტერიტორიაზე, ასევე, დაგეგმილია სავარჯიშო დარბაზის, საცურაო აუზის, მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნების, იოგას დარბაზისა და სხვა სპორტული ცენტრების განთავსება. ამასთან, ვერეს ხეობის ზედა ნაწილში მოეწყობა ინფრასტრუქტრა ექსტრემალური სპორტისთვის, მათ შორის, სალაშქრო ბილიკები, სამთო ველოსიპედის ტრასები, კლდეზე ცოცვის ადგილები, საფეხმავლო ხიდები და სხვა. 

გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი „ჩარჩო გეგმა“ ცენტრალური ველობილიკის მოწყობასაც ითვალისწინებს, რომელიც გმირთა მოედნიდან დაიწყება და  თსუ-ს მაღლივ კორპუსთან დასრულდება, შესაბამისად, აღნიშნული გზა ერთმანეთთან თბილისის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების უდიდეს ნაწილს დააკავშირებს. კონცეფციის ავტორების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის ველობილიკის ადაპტაციაც მოხდება,  მარტივად იქნება შესაძლებელი საპროექტო ტერიტორიის დაკავშირება გმირთა მოედანზე შემავალ ყველა ქუჩასთან. ასევე, შესაძლებელი იქნება გმირთა მოედნის  მარჯვენა სანაპიროსთან დაკავშირება.  

წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, 300 000 მ2 ტერიტორიაზე მოეწყობა ტყე-პარკი, ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიები კი ერთმანეთს ორი „მწვანე ხიდის“ საშუალებით დაუკავშირდება. ამასთან, ზოოპარკის ტერიტორიაზე გაჩნდება მდინარე ვერეს მცირე განშტოება და პატარა ზომის ტბები, რომლებიც, ერთის მხრივ, შექმნის შესაბამის გარემოს პარკისათვის, მეორეს მხრივ კი, ერთგვარი რეზერვუარის ფუნქციას შეასრულებს.

კონცეფცია პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე საავტომობილო მაგისტრალის გაყოლებაზე  დამცავი ზოლის მოწყობას ითვალისწინებს. კონცეფცია კონკრეტული ქალაქგეგმარებითი და საინჟინრო-გარემოსდაცვითი ღონისძიებების  ჩატარების შესახებ ხედვასა და რეკომენდაციებსაც მოიცავს.

დავით ნარმანიას თქმით, წარმოდგენილია საკმაოდ საინტერესო კონცეფცია.  „რაც ყველაზე მთავარია, ეს  იქნება რეკრეაციული სივრცე. ასევე შემოთავაზებულია საგანმანათლებლო ცენტრისა და სპორტული კომპლექსის, საფეხმავლო და ველო ბილიკების გაკეთება. ამ ტერიტორიაზე მოეწყება 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომ ეს ადამიანები არასოდეს დაგვავიწყდეს. განხილვის შემდეგ ვისაუბრებთ კონცეფციის დახვეწაზე, შემდეგ მომზადდება პროექტი. ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია უსაფრთხოება. სავაჭრო ცენტრები და საცხოვრბელი კორპუსები აქ არ აშენდება, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. 

კონცეფციაში ვერეს ხეობაში 13 ივნისის მოვლენისადმი მიძღვნილი სიმბოლოს შესაძლო განთავსებისთვის ტერიტორიაც არის განსაზღვრული, რომელიც ხეობის თითქმის ყველა წერტილიდან იქნება აღქმადი. 

„ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ღირებულება  69 618,82 შეადგენს და გეგმის შემუშავების მიზანია ხელი შეუწყოს საპროექტო ტერიტორიის ოპტიმალურ ურბანულ დაგეგმარებას - მდგრადი განვითარების, თანაბარი შესაძლებლობების სივრცისა და  კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერების პრინციპების გათვალისწინებით.

 

 

 

 

05 დეკემბერი 2015