თბილისში კიდევ ერთი სკვერი კეთილმოეწყო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად წერეთლის გამზირის N78-ის მიმდებარედ   რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.  სკვერი „დიდუბობის“ ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა, რომელიც  დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით დღეს აღინიშნება. 

„ჩვენს ქალაქს წერეთლის გამზირზე შეემატა კიდევ ერთი კომფორტული სკვერი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია თავისი დეკორაციებითა და დენდროლოგიით იმ უამრავ სკვერს შორის, რომელთა რეაბილიტაცია მერიამ წელს განახორციელა. კეთილმოწყობის სამუშაოებზე 120 000 ლარი დაიხარჯა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. მათ ამ მყუდრო და  კეთილმოწყობილ სკვერში სრულფასოვანი  დასვენებისა და  სკვერში განთავსებული „მცირე ბიბლიოთეკის“ საშუალებით კითხვის  საშუალებაც აქვთ“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.

სკვერის სრული რეკონსტრუქცია მერიის ინიციატივით მიმდინარე პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.  სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე  წლის აგვისტოში დაიწყო და ერთი კვირის წინ დაასრულა.  

რეკონსტრუქციის  ფარგლებში სკვერი სრულად  კეთილმოეწყო. დამონტაჟდა  თანამედროვე საბაღე ფურნიტურა და განათების სისტემა. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ნიადაგს გაუკეთდა სხვადასხვა ფერის  მულჩირება.  რეაბილიტირებულ სკვერში საბავშვო გასართობი და სავარჯიშო ზონები მოეწყო, სადაც ატრაქციონები და ტრენაჟორები  განთავსდა. ტერიტორია  ბუჩქებითა და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდა.  სკვერში მოეწყო დეკორატიული საფეხმავლო ხიდი და ჭადრაკის დაფა, ასევე, განთავსდა სხვადასხვა ფრინველისა და ცხოველის დეკორატიული ფიგურები.

კეთილმოწყობილ სკვერში განთავსდა “მცირე ბიბლიოთეკა” წარწერით – “დააბრუნე ან შეცვალე“. ვიზიტორებს შეუძლიათ, სკვერში დასვენების დროს უფასოდ წაიკითხონ წიგნები ან სახლში წაიღონ და სანაცვლოდ სხვა წიგნი დააბრუნონ.

 

 

21 სექტემბერი 2016