თბილისის მერი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შეხვედრები მიუნხენში გამართა.

თბილისის მერი, მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად შეხვედრაზე წყალთა მეურნეობის სააგენტოსა და კომპანია "BERNARD GRUPPE"-ში იმყოფებოდა.

შეხვედრაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფში მყოფმა გერმანელმა პარტნიორებმა მდინარე მტკვარის შესაძლო განვითარების საშუალებებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, პროექტი "მდინარე იზარის ახალი სიცოცხლე" მიმოიხილეს და თბილისის მთავრობის წარმომადგენლებს გამოცდილება ადგილზე გაუზიარეს. კერძოდ, საუბარი შეეხო მდინარის გაწმენდის ტექნიკასა და მისი კალაპოტის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებს, წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მდინარის სანაპიროზე საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას.

"ადგილზე გავეცანით იმ პროექტებს, რომლის მსგავსიც ჩვენთან აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რათა მდინარე მტკვარი გახდეს მოსახლეობისთვის ზოგადად უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მის გარშემო არსებული ტერიტორია გახდეს უფრო მეტად რეკრეაციული. მათი რეკომენდაციებით საუბარია იმაზე,რომ გაკეთდეს მტკვარზე ჩასასვლელი დიღმის ჭალების ტერიტორიაზე და ეს ტერიტორია კიდევ უფრო მეტად გამწვანდეს. ისევე როგორც საუბარია იმაზე, რომ სხვა ნაწილებშიც შესაძლოა კიბეებით ჩასასვლელები გაკეთდეს მდინარეზე ან პრომენადური კავშირი იყოს. შესაბამისად ისინი ძალიან მალე უკვე დაასრულებენ ამ საკითხებზე მუშაობას და სიღრმისეულ დოკუმენტაციას მოგვაწვდიან, თავიანთი არა მხოლოდ რეკომენდაციებით , არამედ ტექნიკური გადაწყვეტით. ვფიქრობ, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მხრიდან ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული",-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში შეხვედრები უკვე გამართა სტრასბურგსა და შტუტგარტში. მასთან ერთად სამუშაო ვიზიტზე, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, მერიის ტრანსპორტისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსები, საკრებულოს წევრები და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

02 ივნისი 2017