თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვები დაიწყო

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვები დაიწყო.  პირველი შეხვედრა ქალაქ თბილისის საკრებულოში გაიმართა, სადაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა პრეზენტაცია წარადგინეს.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს გაწეული 6 ეტაპის სამუშაოს შედეგებსა და უკვე შემუშავებული კონცეფციის სხვადასხვა ასპექტზე. მიმოიხილეს თბილისის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული თემები, ყურადღება გამახვილდა ყოფილი საწარმოო  ადგილებისა და რეკრეაციული ტერიტორიების მეტად განვითარებასთან დაკავშირებით.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით,  წარმოდგენილი დოკუმენტის საჯაროდ განხილვა პროფესიულ წრეებში მოეწყობა.

„ის სიახლეები, რაც გენერალური გეგმით არის შემოთავაზებული, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საცხოვრებელი გარემო და პირობები ჩვენს ქალაქში უკეთესი იყოს. მიუხედავად არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯისა, რომელსაც ჩვენ ბოლო 3 წლის განმავლობაში ვდგამდით ქალაქის  სასიკეთოდ, ეს მაინც ცალკეულად ასე ვთქვათ, ფრაგმენტულ გადაწყვეტილებებზე იყო დაფუძნებული. მას შემდეგ, რაც ქალაქს ექნება ახალი განაშენიანების გენერალური გეგმა, ეს ყველაფერი ერთიან ჩარჩოში იქნება და ეს იქნება  ქალაქის კონსტიტუციური დოკუმენტი-ასე შეიძლება  ვუწოდოთ მას, რომელიც განსაზღვრავს ქალაქის სწორ ურბანულ განვითრებას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ .

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის საჯარო განხილვები არქიტექტორთა კავშირში , საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. დოკუმენტის განხილვის პროცესში სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლების ჩართვაც იგეგმება.

18 ივლისი 2017