დედაქალაქის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე განცხადება გააკეთა.
პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატივაა, რომლითაც დედაქალაქის მერია შესაბამის ორგანოებს მიმართავს. 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო თბილისის მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას მიზანშეწონილად მიიჩნევს და ამ ინიციატივით შესაბამის ორგანოებს მივმართავთ. საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, წლების განმავლობაში, კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები  მიიღებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას სტრუქტურული რეფორმა აქვს დაწყებული. შესაბამისად, პროცესის დასრულებამდე, ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციას მერიის შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ. 

თბილისის მერის განცხადებით, ბიუროკრატიის შემცირების,  გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის  მეტი ეფექტურობის მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისიაც უქმდება. 

„ამ მიზნით, ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში  და უფრო ეფექტურად მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებაა, რომელთან დაკავშირებითაც, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, 41-ე დადგენილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კახა კალაძის თქმით, ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება.  

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანების უსაფრთხოება. ამიტომ, სამშენებლო წესების დარღვევას ჩვენი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს მკაცრი ზომების მიღება და უნებართვო მშენებლობების დროული დემონტაჟი დაავალა. 

შემდეგი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, საკუთრებაში არსებული ფართების დაკანონებაა. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები ფონიჭალაში მცხოვრებ 33 ოჯახს დაუკანონდება. 

„ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ ფართებში, სადაც შვილები და შვილიშვილები გაზარდეს, თუმცა მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ.  შესაბამისად, დღეს გამოგვაქვს ფონიჭალის მესამე მიკრორაიონის 28-ე კორპუსისა და მეოთხე მიკრორაიონის მე-11 კორპუსში მცხოვრები 33 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების გადაწყვეტილება. მათ ეს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ და დაუკანონდებათ. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ და ვისაც ეს საკითხი აწუხებს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

რაც შეეხება ნარჩენების გატანის საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით, კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, ორი კვირის ვადაში, საყოფაცხოვრებო  ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა.   

„ვიცი, რომ ნარჩენების გატანა დილისა და  დღის საათებში ხდება, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მოქალაქეების დახმარება თუ  დაგვჭირდება, ამის მზაობა არსებობს. ძალიან ბევრი წერილი შემოდის. ამიტომ, საზოგადოების მხრიდან თანადგომა იქნება. მთავარია,  წარმოვადგინოთ სწორი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა ასევე, დღევანდელ სხდომაზე საგზაო სამუშაოების შესრულების დროს, ხეების მოასფალტების ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ შემდეგში, მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს. 

მისი თქმით, ის კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების არასწორად წარმოებაში არიან შემჩნეული, თბილისის მერიასთან ვერ ითანამშრომლებენ. 

„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კონკრეტული ფოტოები გავრცელდა, რომელიც მინდა გაჩვენოთ. ეს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა და სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ამ კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა, ხეები მოასფალტდა. თუ შეცდომაა, სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად გააკეთა, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. მინდა კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან ჩვენ მომავალში ვერ ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

დედაქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს სთხოვა, მაქსიმალურად გააფრთხილონ კომპანიები, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს.

 

 

 

29 ნოემბერი 2017