დედაქალაქის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეეხო, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანასთან დაკავშირებული საპილოტე პროექტია.

კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში პირველ ეტაპზე, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოხდეს.

„ამ ორი კვირის განმავლობაში, შესაბამისი საქალაქო სამსახური და „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად მუშაობდა, რომელმაც გარკვეული უბნები და მარშრუტები დაამუშავა. კვირის ბოლოს გვექნება კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი, სადაც უკვე ძალიან მალე შეგვეძლება, აღნიშნული საპილოტე პროექტი განვახორციელოთ, რაშიც საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან დაგვჭირდება, რადგან ის სქემა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, დასუფთავების სამსახურის მანქანების ღამის საათებში მოძრაობას ითვალისწინებს, რაც თავისთავად ქალაქში არსებულ საცობებს განტვირთავს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საპილოტე პროექტი საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში მოხდება.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა და მწვანე სივრცეების შექმნის აუცილებლობაა. თბილისის მერმა მაია ბითაძეს სთხოვა, ახალი მშენებლობის ყველა პროექტში, მშენებლობის ნებართვის გაცემის საწყის ეტაპზე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უშუალოდ ჩაერთოს.

რაც შეეხება ისეთ პროექტებს, რომელზეც შესაბამისი პროცედურები დასრულებულია, მაგრამ მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხა არ არის გადახდილი, თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი საკითხების შესწავლა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.

„გავალებთ, რომ დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად, მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა მოვთხოვოთ.   ინდივიდუალურად მოგიწევთ ამ კონკრეტული საქმეების შესწავლა, რაც საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი. ამასთან გთხოვთ, უმოკლეს ვადებში მოამზადოთ სამართლებრივი ცვლილებები მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხების რამდენჯერმე გაზრდასთან დაკავშირებით, ვინაიდან, არსებული პრაქტიკით, საკომპენსაციო თანხა ერთ ხეზე დაახლოებით, 700 ლარს შეადგენს, რაც არაადეკვატური და არასერიოზულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სთხოვა, კონკრეტულ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ მდინარე მტკვარზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

„თუ დააკვირდებით, ძალიან ცუდია, იქ რაც ხდება. ვიცი, რომ ცვლილებებია მომზადებული, რომლის დამტკიცებაც საქართველოს მთავრობასთან ერთად უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი ტიპის, მათ შორის, დროებითი კონსტრუქციების უნებართვო მშენებლობას შესაბამისი ნებართვის გარეშე, ვფიქრობთ, რომ მეტი სიცხადისთვის დაზუსტება აუცილებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებისთვის აქტუალური კიდევ ერთი საკითხი განიხილა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და ახალი მარშრუტების დამატებას ეხება.

მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქს ორი ახალი - N54 და N64 მარშრუტი ემატება, რადგან კახა კალაძის განცხადებით, თბილისში არსებობს კონკრეტული უბნები, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ ემსახურება, ან ლოდინი დიდი ხნის განმავლობაში უწევთ.

„ახალი, N54 მარშრუტი ემატება, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოემსახურება. აღნიშნული მარშრუტი დიდი დიღმის მოსახლეობასა და მარშრუტის გზასავალზე მომლოდინე მგზავრებს საშუალებას მისცემს, საბურთალო-ვაკის ტერიტორიის ნაწილსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მოკლე დროში დაუკავშირდნენ. ასევე, სოფელი ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოხდება N82 ავტობუსის დამატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ასევე, იხსნება ახალი, N64 მარშრუტი, რომელიც სიმონ ჩიქოვანისა (ხილიანის დასახლება) და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მომსახურებას რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გაუწევს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერის მხრიდან ყურადღება მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც გამახვილდა, საცხოვრებელი ფართების დაკანონებაა. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს გადაეცემა.

„იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება დავიწყეთ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები, თაობები გაზარდეს და ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. რამდენიმე მთავრობის სხდომაზე, გვქონდა გამოტანილი კონკრეტული ოჯახებისთვის ფართების დაკანონების საკითხი. შესაბამისად, ამ პროცესს განვაგრძობთ, რადგან დაუკანონებელ  ფართებში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. დღეს გვინდა ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცეთ. ეს ადამიანები 15-20 წელია ცხოვრობენ აქ და დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფართების დაკანონების საკითხი უკანონო მშენებლობებს უნდა გაემიჯნოს. კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს კიდევ ერთხელ დაავალა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა აქტიურად განაგრძოს. 

 

 

 

 

 

13 დეკემბერი 2017