გლდანის რაიონში 13000 კვ.მ-ზე პარკი მოეწყობა

გლდანის მე-6 მიკრორაიონში, 13000 კვადრატულ მეტრზე პარკი მოეწყობა. ადგილზე დღეს თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტი მზადაა და სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.

„გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში ადრე პარკი იყო, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ გაუბედურებულია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქ ვიმყოფებოდი, შევხვდი მოსახლეობას და პირობა მივეცი, რომ აქ ერთ-ერთ საუკეთესო პარკს ავაშენებდით. როგორც დაპირება იყო, ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას. პროექტი მზად არის. მცირე ცვლილებები იქნება საჭირო, რომ დიზაინი უფრო დახვეწილი იყოს. გამოვაცხადებთ ტენდერს და გაზაფხულიდან დავიწყებთ სამუშაოებს. გლდანს ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული პარკი ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

25 მარტი 2018