კახა კალაძე რიყის პარკში ქუჩის მუსიკოსების კონცერტს დაესწრო

რიყის პარკში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართა. კონცერტს თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

ღონისძიება ლიკანის პროექტის - “ქუჩის მუსიკის ტალღის” ფარგლებში, ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტისა და ქუჩის მუსიკის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ბევრი ნიჭიერი მუსიკოსის გამოვლენას.

“ბოლო თვეების განმავლობაში ქალაქში აქტიურად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები. დღეს რიყის პარკში სპეციალურად ქუჩის მუსიკოსებისთვის არის მოწყობილი სცენა. პროექტი ლიკანთან ერთად დედაქალაქის მერიამ განახორციელა. ასე “უშლის ხელს” დედაქალაქის მერია ქუჩის მუსიკოსებს, ზოგადად ხელოვნებას, მათ ნიჭს და წარმატებას. მე მივესალმები ამ პროექტს. არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა, თანადგომა ქუჩის მუსიკოსების მიმართ. სექტემბერში დაგეგმილი გვაქვს დიდი ფესტივალის გაკეთება, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება. ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდა ქუჩის მუსიკის საშუალებით, ბევრმა წარმატებას მიაღწია და მგონია, რომ ამ პროექტით კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ მუსიკოსს აღმოვაჩენთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ღონისძიებას მერის მოადგილესთან, სოფიო ხუნწარიასთან და ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელთან, სერგი გვარჯალაძესთან ერთად დაესწრო.

სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ქუჩის მუსიკოსებს რიყეზე მოწყობილ სცენაზე კონცერტების გამართვის შესაძლებლობა სექტემბრამდე ექნებათ.

“მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ბევრ მუსიკოსს მიეცეს შესაძლებლობა, თავიანთი მუსიკა გააცნოს უფრო ფართო მასებს. ეს ადგილი საკმაოდ ხალხმრავალია და მუსიკოსების შემოქმედებას გაიცნობენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. გარდა ამისა, ეს პროექტი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოწესრიგებულად გააკეთო ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც არის არც ისე მაღალი სცენა. ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს”, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

რიყის პარკში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ჯგუფები Young Georgian Lolitaz, “მოკუ მოკუ”, თორნიკე ყიფიანი, ასევე იოანე არაბული ბენდ ულტრატონთან ერთად.

08 ივლისი 2018