თბილისის მერიის იაფი სესხის ხელმისაწვდომობის პროექტში კიდევ ოთხი კომერციული ბანკი ერთვება

მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიან ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის პროექტის პარტნიორები "კორსტანდარტ ბანკი", "ვითიბი ბანკი", "რესპუბლიკა ბანკი და "ქართუ ბანკი"  გახდებიან. აღნიშნული ბანკების გარდა პროექტის პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციები უკვე არიან: "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "ლიბერთი ბანკი" და  "ბაზისბანკი".  

იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტი თბილისის მერიის პროგრამის „მეწარმეობის მხარდაჭერა“  ფარგლებში ხორციელდება და მეწარმეებს სესხის 6%-ად აღების საშუალებას აძლევს.  

იაფი სესხის მისაღებად მეწარმემ  მერიაში უნდა წარადგინოს საპროექტო განაცხადი და  პარტნიორი ბანკი აირჩიოს. განაცხადი შესაბამისი სამსახურის მიერ განიხილება და დასამტკიცებლად მეწარმის მიერ არჩეულ ბანკს გადაეგზავნება. ბანკის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, მერია პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილებას იღებს. თანხა მთლიანად მერიის ბიუჯეტიდან გაიცემა და წლიურ განაკვეთს - 6%-ს, ბანკი მომსახურებისთვის მიიღებს. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა 5 წელია და მსესხებელი განთავისუფლებულია ყველანაირი დამატებითი გადასახადისგან (დამტკიცების, გაცემის და სხვა საკომისიოები).  

სესხის პირობების მიხედვით, მეწარმეს შეუძლია ისარგებლოს მისი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული საშეღავათო პერიოდით და გადახდის მოქნილი გრაფიკით. 
აღნიშნული პროექტის ფარგლებში თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს უწყობენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას, შესაბამისად, ამ სესხით სარგებლობა  სოციალურ მეწარმეებსაც შეუძლიათ.

2015 წლის მეოთხე კვარტლიდან თბილისის მერია მეწარმეებს იაფი სესხის მისაღებად პროგრამის „მეწარმეობის მხარდაჭერა“  ფარგლებში  განახლებულ და გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს.   

04 ივნისი 2015