სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას რამდენიმე კომპანია შეუერთდა

კომპანია m2-მა თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერმა პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დღევანდელ აქციაში რიგითი მოქალაქეებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები საკუთარი ხარჯებით შეიძინეს.

„ძალიან დიდია სოლიდარობის გრძნობა. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია m2-ს, რომელმაც 1000 ოჯახისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები წარმოადგინა, რომლებიც დღეიდან ათივე რაიონში გადანაწილდება და ყველა იმ ოჯახს დაურიგდება, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის „თბილპურს“, „ზედაზენს“ „ნატახატარსა“ და ყველა იმ კომპანიას, ვინც ამ პროექტშია ჩართული. დღეს ორმა ახალგაზრდამ - ეკამ და ანამ, დაახლოებით, 100 ადამიანისთვის საკვები პროდუქტები გადმოგვცა, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. მადლობა რიგით მოქალაქეებს, თბილისელებს, ვინც ჩართულია ამ პროექტში. როდესაც ისინი „აგროჰაბის“, „კარფურის“, „გუდვილისა“ და „სმარტის“ სუპერმარკეტებში შედიან, სპეციალურად ამ ოჯახებისთვის განკუთვნილ პროდუქტს ყიდულობენ. შემდეგ კი ჩვენ მოხალისეებისა და გამგეობის თანამშრომლების ჩართულობით, მათ მოსახლეობაში ვარიგებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიაში დღეს კომპანიები - „ზედაზენი“, „ნატახტარი“ და „თბილპური“ ჩაერთნენ. ასევე, მოქალაქეებმა - ეკა ურეკაძემ და ანა გოგიშვილმა საკუთარი სახსრებით, 100 მარტოხელა მოხუცისთვის განკუთვნილი ნობათები შეიძინეს და გამგეობებს გადასცეს.

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის მერთან ერთად, რაიონის გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

03 აპრილი 2020